ნიკოლოზ სამხარაძე - ეროვნული უსაფრთხოება გამოწვევების წინაშეა, ამიტომ გვინდა, ვიცოდეთ, არასამთავრობოები, რომელთაც სურთ, გადაწყვეტილების მიღების ნაწილი იყვნენ, საიდან ფინანსდებიან
ნიკოლოზ სამხარაძე - ეროვნული უსაფრთხოება გამოწვევების წინაშეა, ამიტომ გვინდა, ვიცოდეთ, არასამთავრობოები, რომელთაც სურთ, გადაწყვეტილების მიღების ნაწილი იყვნენ, საიდან ფინანსდებიან

საქართველოში რეგისტრირებულია 25 000 არასამთავრობო ორგანიზაცია და ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 95 პროცენტი საზღვარგარეთიდან მოდის. სამწუხაროდ, საკანონმდებლო თვალსაზრისით, აქ დიდი ჩავარდნას აქვს ადგილი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ავალდებულებს, რომ ეს დაფინანსება და მათი დახარჯვის მონაცემები საჯარო გახადონ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სამხარაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება დგას ფუნდამენტური გამოწვევების წინაშე,

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომელი ქვეყნებიდან და რა მიზნით ფინანსდებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ, პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების ნაწილი იყვნენ.

„ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებულია, როგორც იცით, 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ; საქართველოს გარშემო მძვინვარებს კონფლიქტები და ომები. ამიტომ, ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ, რომ პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილი იყვნენ, საიდან, რომელი ქვეყნებიდან ფინანსდებიან და რა პროექტებზე და რა მიზნებით ხარჯავენ ამ ფულს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კითხვაზე, კონკრეტულად ქვეყანაზე გავლენის მოხდენის რა მაგალითები არსებობს არასამთავრობოების მხრიდან, სამხარაძემ ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგურის საწინააღმდეგოდ გამართული აქციები დაასახელა და აღნიშნა, რომ პროტესტის შედეგად ინვესტორმა პროექტი მიატოვა და საქართველომ დაკარგა ელექტროენერგიის გამომუშავების პოტენციალი.

„ამას წინათ ადგილი ჰქონდა ერთ პროტესტს, რომელიც ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ და რომელიც მიმართული იყო საქართველოში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის წინააღმდეგ, რაც გააძლიერებდა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას. გაიმართა ძალიან დრამატული საპროტესტო აქციები და საბოლოოდ, პროექტი მიტოვებული იქნა ინვესტორის მიერ და ჰიდროელექტროსადგური არ იქნა აშენებული, რის შედეგადაც ჩვენ დავკარგეთ პოტენციალი ელექტროენერგიის გამომუშავებისა, რასაც უნდა შეედგინა ამჟამად ჩვენ მიერ გამომუშავებული ენერგიის 15 პროცენტი, რაც ამის ერთ-ერთი მაგალითია“, – აღნიშნა სამხარაძემ.