ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუანდაში საკმაოდ პროდუქტიული იყო
ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუანდაში საკმაოდ პროდუქტიული იყო

პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუანდაში საკმაოდ პროდუქტიული იყო.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რუანდაში გამართულ შეხვედრებზე იყო დეტალური და სიღრმისეული დისკუსიები.

„დღეს სრულდება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუანდაში, მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ყოველწლიურ ასამბლეაზე. ჩვენ საკმაოდ პროდუქტიული ვიზიტი გამოგვივიდა იქიდან გამომდინარე, რომ 20-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას შევხვდით. დელეგაციები წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარეების ან ვიცე-სპიკერების დონეზე. შეხვედრაზე გვქონდა დეტალური და სიღრმისეული დისკუსია. ვისაუბრეთ იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, ვისთანაც არ გვაქვს ხშირი კავშირი. ეს ქვეყნებია აფრიკის კონტიგენტის ქვეყნები, სამხრეთ ამერიკული ქვეყნები და წყნარი ოკეანის ქვეყნები. რა თქმა უნდა, ძირითადი განსახილველი საკითხები იყო – რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საერთაშორისო ფორუმებზე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. სასიხარულოა, რომ ამ ქვეყნებში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა ქვეყანამ თქვა, რომ მათი პოზიცია არაღიარების პოლიტიკის თაობაზე არ გადაიხედება, თუმცა ასევე იყო გამოთქმული ერთგვარი თხოვნა იმის შესახებ, რომ მათ რაც შეიძლება ხშირად მივაწოდოთ ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხება. ამიტომ, ამ მხრივ ჩვენი მუშაობა მხოლოდ ამ სესიით არ შემოიფარგლება და ამ ქვეყნებთან ინტენსიურ თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა სამხარაძემ.