ნიკოლოზ სამხარაძე პორტუგალიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე პორტუგალიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, პორტუგალიაში იმყოფება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პორტუგალიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, კარლუშ ედუარდო რეისს შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გამოწვევები.

„პორტუგალიელ კოლეგებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრეს“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „უსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“, რომელიც ორგანიზებული იყო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პორტუგალიის დელეგაციის მიერ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ლევან ქარუმიძე, დავით მათიკაშვილი და ეკა სეფაშვილი.