ნიკოლოზ სამხარაძე  - არ ვიცი, რომელ ევროპელობაში ჯდება, როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ კონსტიტუციის დარღვევას გააგრძელებს, ნაწილობრივ ევროპელი ვარო, რომ ამბობდა, ალბათ ამას გულისხმობდა
ნიკოლოზ სამხარაძე - არ ვიცი, რომელ ევროპელობაში ჯდება, როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ კონსტიტუციის დარღვევას გააგრძელებს, ნაწილობრივ ევროპელი ვარო, რომ ამბობდა, ალბათ ამას გულისხმობდა

არ ვიცი, რომელ ევროპელობაში ჯდება, როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ კონსტიტუციის დარღვევას გააგრძელებს. ნაწილობრივ ევროპელი ვარო, როცა ამბობდა, ალბათ სწორედ ამას გულისხმობდა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სარჩელს უმრავლესობის ყველა დეპუტატმა მოაწერა ხელი.

„იმპიჩმენტის პროცედურა ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურაა. ეს არის საკანონმდებლო გზა, როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირი არღვევს კონსტიტუციას. ამიტომ ამას პოლარიზაცია-დეპოლარიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილმა პლატფორმამ დეპოლარიზაციას ხელი ვერ შეუწყო. არ ვიცი, რომელ ევროპელობაში ჯდება, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ ის გააგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. როცა ამბობდა, ნაწილობრივ ევროპელი ვარო, ალბათ სწორედ ამას გულისხმობდა. არ მგონია, რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი კონსტიტუციის დარღვევით აპირებდეს თავისი საქმიანობის განხორციელებას. სახეზეა კონსტიტუციის ძალიან უხეში დარღვევა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ფაქტზე უნდა იმსჯელოს და დარღვევა დაადგინოს. სარჩელს არ გამოვიხმობთ. სარჩელს ხელი მოაწერა უმრავლესობის ყველა წევრმა, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს ვანდობთ იმის განხილვას, ირღვევა თუ არა კონსტიტუცია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კითხვაზე, ვიზიტებზე რატომ არ აქვს პრეზიდენტს მთავრობისგან თანხმობა, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა:

„ყველაფერი შეიძლება, თუ ადამიანებს და სახელმწიფო ორგანოების შტოებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობაა. როდესაც ასეთი თანამშრომლობა არ არის, ამ შემთხვევაში, მთავრობას აქვს უფლება, მას გამგზავრების ნება არ მისცეს. აქამდე არასოდეს არავის შეუზღუდავს პრეზიდენტისთვის მოგზაურობის ან ვიზიტების უფლება. გახსოვთ ევროპარლამენტის გახმაურებული საკითხიც, როდესაც ევროპარლამენტში არ წავიდა და დააბრალა, ვითომ მთავრობამ არ გაუშვა. ეს იყო სუფთა ტყუილი. ამიტომ, როდესაც ნდობა აღარ არის, მაშინ კონსტრუქციული თანამშრომლობა რთულია. შესაბამისად, ეს არის ლოგიკური შედეგი“, – აღნიშნა სამხარაძემ.

7 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხზე საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა: „ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს, მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ვივლი ყველგან, სადაც წასასვლელი ვარ. ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება“.