ნიკოლოზ გაგუა - დონორებთან გაფორმებული შეთანხმებები ენერგოეფექტურობის პრინციპების დანერგვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციისა და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონალური ფონდიდან მიღებული ფინანსური მხარდაჭერა საქართველოში ენერგოეფექტურობის განვითარებას მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ დონორებთან ხელმოწერილი შეთანხმებების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები გააძლიეროს, საქართველოს აღნიშნული ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში და ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აქვს აღებული.
„საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონალური ფონდიდან საკმაოდ წარმატებით თანამშრომლობს, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის მხრიდან ეს არის საჯარო სექტორში განხორციელებული პირველი ინვესტიცია და მნიშვნელოვანია, რომ ენერგოეფექტურობის პრინციპები აქტიურად დაინერგოს ჩვენს მმართველობაში“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
მან მადლობა გადაუხადა პარტნიორებს წვლილისთვის, რომელიც საქართველოში ენერგოეფექტურობის განვითარებაში შეაქვთ.
ფინანსთა მინისტრმა საქართველოსა და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკს (NIB) შორის ჩარჩო შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს საქართველოში პრაქტიკულად ახალი დონორის, განვითარების პარტნიორის შემოსვლა. „სკანდინავიის საინვესტიციო ბანკთან ვგეგმავთ კონკრეტული საინვესტიციო პროგრამების განხორციელებას იმ პრიორიტეტული მიმართულებებით, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
სკანდინავიის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის ჩარჩო შეთანხმება დღეს ფინანსთა სამინისტროში გაფორმდა.
ასევე, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მმართველმა დირექტორმა, მაგნუს რისტედმა და ინვესტიციების უფროსმა მენეჯერმა, ბო ესკე ნიჰუსმა დღეს ხელი მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“ დაფინანსების მიზნით. შეთანხმების ფარგლებში, NEFCO საქართველოს გამოუყოფს 2.83 მილიონი ევრო ოდენობის ფინანსურ რესურსს, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონალური ფონდიდან (E5P) ქვეყანა გრანტის სახით მიიღებს 1.87 მილიონ ევროს.