ნიკოლოზ გაგუა - დაგროვებით საპენსიო სისტემას დიდი სოციალური დატვირთვა და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს
ძალიან დიდია დაგროვებითი საპენსიო სისტემის როგორც სოციალური დატვირთვა, ასევე ეკონომიკური მნიშვნელობა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„რეფორმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ საკითხზე რამდენიმე წლის განმავლობაში ვიმუშავეთ. პროცესში ჩართული იყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და მაღალი დონის ექსპერტები. ერთ–ერთი ექსპერტი, რომელიც პროცესში მონაწილეობდა და, რომელმაც საბოლოო კანონპროექტის გადამუშავება მოახდინა, ახლახან გაერო–ს საპენსიო ფონდის დირექტორად დაინიშნა“, – განაცხადა გაგუამ.
მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის მაგალითი გაანალიზდა.
„ჩვენი საპენსიო სისტემა რამდენიმე ქვეყნის მაგალითს ეყრდნობა. ყველაზე საინტერესო ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და შვედეთის მოდელი იყო. რაღაც საკითხები ბრიტანეთის საპენსიო სისტემიდანაც გადმოვიღეთ. ეს რეფორმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ განვითარების იმ ეტაპზე განახორციელა, რომელზეც ამჟამად საქართველოა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
პირველი არხის ანალიტიკოსის, მერაბ ჯანიაშვილის შეკითხვაზე, პენსიაზე გასვლის შემდეგ რა თანხას მიიღებს მოქალაქე, რომელიც თანხას საპენსიო ფონდში 20–25 წლის განმავლობაში 1000–ლარიანი ხელფასიდან აგროვებს, ნიკოლოზ გაგუამ თქვა, რომ ის ყოველთვიურად, ზედნაშენის სახით, დაახლოებით, 490 ლარს მიიღებს.
„ეს არის ზედნაშენი, რომელსაც დაემატება სოციალური პენსია, რომელიც ინფლაციაზე მნიშვნელოვნად მეტად გაიზრდება“, – განაცხადა გაგუამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მექანიზმით მოხდება დაგროვებული პენსიის გაცემა და იქნება თუ არა შესაძლებელი მისი ერთიანად გაცემა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დაგროვებული პენსიის ერთიანად გატანის სისტემა მხოლოდ მათთვის იქნება გამოყენებული, ვინც თანხას არც თუ ისე დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდა და შესაბამისად, მნიშვნელოვანი თანხის დაგროვება ვერ შეძლო.
„ასევე არსებობს ე.წ. პროგრამული გატანის შესაძლებლობა. პირობითად, თუ მამაკაცმა 65 წლის ასაკს მიაღწია, ქალბატონმა კი 60 წლის ასაკს და გადაწყვიტა, რომ ჯერ კიდევ აქტიურ ცხოვრებას ეწევა, ანუ მუშაობს, შეუძლია, დაგროვება გააგრძელოს იმისთვის, რომ პენსია უფრო მეტი ჰქონდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.