ნიკოლოზ გაგუა - 30-35 წლის შემდეგ დაგროვებითი პენსიის ოდენობა ექვსჯერ გაიზრდება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ვარაუდობს, რომ 30-35 წლის შემდეგ, პენსიის დღევანდელ მაჩვენებელთან შედარებით, დაგროვებითი პენსიის რაოდენობა ექვსჯერ მეტი იქნება.
როგორც ჟურნალისტებს გაგუამ განუცხადა, დაგროვებითი პენსია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა.
მისი თქმით, დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პოზიტიური განცხადება გააკეთა.
“ცალსახად იქნა აღნიშნული, რომ ეს რეფორმები ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას შეძლებს. ბუნებრივია, რაც ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს, უმუშევრობას ვერ გაზრდის. სისტემაში სავალდებულო ჩართულობა კეთილი მოსაზრებებიდან გამომდინარეობს, რადგან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დაზოგვის კულტურა გაიზარდოს. ვინც სისტემაში ჩაერთვება, ღირსეული პენსიის მიღებას შეძლებს. დღეს, ხელფასთან პენსიის ფარდობა დაახლოებით, 18 პროცენტია, რაც ძალიან დაბალია. ეს მაჩვენებელი რეგიონში 40 პროცენტია, ხოლო ევროკავშირში – 80 პროცენტი. ანუ ჩვენ მეოთხედი გვაქვს და არც ერთ ამ ქვეყანას ეს მაჩვენებელი მხოლოდ საპენსიო სისტემით არ მიუღწევია, მათ საპენსიო სისტემის სხვა სვეტები აქვთ. ჩვენი მიზანია, დამატებითი სვეტი შემოვიტანოთ, რაც საპენსიო ასაკის მიღწევისას ღირსეული პენსიის გარანტია იქნება. ჩვენი გათვლებით, ეს პენსიის ოდენობის დაახლოებით გახუთმაგება-გაექვსმაგებაა. 30-35 წლიანი დაზოგვის შემთხვევაში, საპენსიო მოცულობა ექვსჯერ გაიზრდება”, – განაცხადა გაგუამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საპენსიო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტს დღეს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.