ნიკოლოზ ჩხეტიანი - თეიმურაზ მეფის პორტრეტი ძალიან დიდი შენაძენია ქართული კულტურისა და ხელოვნებისთვის
ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, რომ თეიმურაზ მეფის პორტრეტი ძალიან დიდი შენაძენია ქართული კულტურისა და ხელოვნებისთვის.
„საზოგადოებას მოეხსენება, რაოდენ სათუთი დამოკიდებულება აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქართული კულტურის გადარჩენისა და მასზე ზრუნვის საკითხებისადმი. ამიტომ, როდესაც ჩვენ დაგვიკავშირდა გიორგი კალანდია და მოგვახსენა აღნიშნული თემის შესახებ, ფონდმა „ქართუმ“ ძალზე მყისიერად იმოქმედა, მხარში დაუდგა მუზეუმს, მოხდა აღნიშნული ნახატის შეძენა, რომელიც არის ქართველი მეფის, თეიმურაზ მეორის ორიგინალი პორტრეტი, დახატული მისი ცხოვრების პერიოდში, როდესაც ის გახლდათ ჩასული რუსეთში“,- განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა
მისივე თქმით, ეს ძალიან დიდი შენაძენია ქართული კულტურისა და ხელოვნებისთვის.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება შესაბამისად შეაფასებს ამ ტილოს. ნახატი იყიდებოდა საკმაოდ ძვირ ფასად – 168 ათასი იყო გალერეის ფასი, თუმცა შემდგომში, მოლაპარაკების შედეგად, ფასმა საკმაოდ დაიწია და 38 ათასად მოხდა ამ ნახატის ყიდვა, რაც ძალიან ნიშანდობლივია, იმის გათვალისწინებით, რომ ის მხატვარი, რომელიც არის ამ ნახატის ავტორი, ძალზე ცნობილია, არის პირველი რუსი მხატვარი, რომელიც ამ სტილში მუშაობდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება, ვინც ამ ნახატს იხილავს, კმაყოფილი დარჩება“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
თეიმურაზ მეფის პორტრეტი ხელოვნების სასახლეში გამოიფინა. მისი ნახვა ყველა მსურველს უფასოდ შეუძლია.