ხელოვნების სასახლეში თეიმურაზ მეფის პორტრეტი გამოიფინა - მისი ნახვა ყველა მსურველს უფასოდ შეუძლია [ფოტო]
ხელოვნების სასახლეში თეიმურაზ მეფის პორტრეტი გამოიფინა - მისი ნახვა ყველა მსურველს უფასოდ შეუძლია [ფოტო]

თეიმურაზ მეფის პორტრეტი, რომელიც სამშობლოში 257 წლის შემდეგ დაბრუნდა, ხელოვნების სასახლეში გამოიფინა. სასახლეში სამეფო საგანძურის დაბრუნებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის კარი ორი დღის განმავლობაში ყველა დამთვალიერებლისთვის ღია იქნება და მეფე თეიმურაზ მეორის პორტრეტის ნახვა მათ უფასოდ შეეძლებათ.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელობისა და ღირებულების სამეფო საგანძური დღემდე არ დაბრუნებულა. თეიმურაზ მეფის პორტრეტი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახისა და კოლექციის შემადგენელი ნაწილია. პორტრეტის საქართველოში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მოხდა.

„საზოგადოდ ცნობილია ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება კულტურული საგანძურისადმი. ამიტომ, ფონდმა „ქართუმ“ როგორც კი გაიგო, მყისიერად იმოქმედა. რამდენიმე დღეში მოვაგვარეთ ორგანიზაციული საკითხები. ორნახევარი საუკუნე დაკარგული იყო პორტრეტის კვალი, რომელიც მეფე თეიმურაზის სიცოცხლეშივეა შესრულებული“, – განაცხადა ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

სამხატვრო აკადემიის რექტორის გიორგი გუგუშვილის განცხადებით, ეს არის მოვლენა, რომელიც იმსახურებს ყურადღებას, რადგანაც, პირდაპირ ნიშნავს კულტურის მიმართ ყურადღებას.

„ეს ძალიან კარგი ფაქტია, რომ ქვეყანა ზრუნავს მისი უნიკალური ნამუშევრის დაბრუნებაზე, შენახვაზე დაბინავებაზე, თან ამ რანგის ნამუშევრის. ეს არის მაგალითი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. მე, პირადად, აღფრთოვანებული ვარ არა მარტო ნამუშევრის ხარისხით, არამედ ფაქტით“, – განაცხადა გიორგი გუგუშვილმა.

ხელოვნების სასახლის ექსპერტებმა პორტრეტის შესასყიდად 1Stdibs გალერეასთან დაიწყეს მოლაპარაკება. ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია დაუკავშირდა ფონდ „ქართუს“, რომელმაც სრული – ფინანსური და ორგანიზაციული დახმარება გასწია ნახატის შესაძენად. რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ, საბოლოოდ, უნიკალური პორტრეტი „ქართუ ფონდმა“ 38 400 აშშ დოლარად შეისყიდა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა.