ნიკოლოზ ჩხეტიანი - „ფონდმა ქართუმ“ მორიგი საჩუქარი გაუკეთა დედაქალაქს, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია გადასცა, ეს არის უპრეცედენტო ქველმოქმედების მორიგი აქტი
ნიკოლოზ ჩხეტიანი - „ფონდმა ქართუმ“ მორიგი საჩუქარი გაუკეთა დედაქალაქს, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია გადასცა, ეს არის უპრეცედენტო ქველმოქმედების მორიგი აქტი

„ფონდმა ქართუმ“ მორიგი საჩუქარი გაუკეთა დედაქალაქს, – ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, „ლაგუნა ვერეს“ ყოფილი ღია საცურაო აუზის ტერიტორია, „ფონდი ქართუს“ გადაწყვეტილებით,  თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

„ეს არის მორიგი უპრეცედენტო ქველმოქმედების აქტი. მოგეხსენებათ, აღნიშნული ტერიტორიის ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს წარმოადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ინტერესი არსებობს თბილისის საზოგადოებაში ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით, ფონდმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ უსასყიდლოდ გადაეცა ქალაქისთვის, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული ტერიტორიის განვითარებასა და განაშენიანებას მოახდენს“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე „ქართუ ფონდი“ კორპუსების მშენებლობას გეგმავს, ჩხეტიანმა აღნიშნა: „ფონდი ქართუ“ ფლობს საკმაოდ დიდ აქტივებს, რომელიც ფონდს ივანიშვილის ოჯახის მხრიდან გადმოეცა. ფონდი მართავს აღნიშნულ აქტივებს და იქიდან შემოსულ შემოსავალს ახმარს ისევ ფონდის საქველმოქმედო საქმიანობას. ამ ეტაპზე განხორციელდა განაშენიანების რეგულაციის გეგმის დამტკიცება და შეთანხმება. ის ვიზუალი, რაც გაჟღერდა საჯაროდ, არის ე.წ. გეერგეს ვიზუალიზაციები და რენდერები. ფონდი ამ ეტაპზე თავად არ გეგმავს ამ ტერიტორიის განვითარებას. ჩვენ, სავარაუდოდ, მოვახდენთ ტერიტორიის რეალიზაციას და შემოსულ შემოსავალს მოვახმართ ჩვენს საქველმოქმედო პროექტებს“.