ნიკოლოზ ჩხეტიანი - ასპინძის სარაგბო ბაზა მთელ რეგიონში არის ერთადერთი, რომელიც აღჭურვილია იმ სტანდარტების შესაბამისად, რასაც მოითხოვს სპორტის ესა თუ ის სახეობა
ნიკოლოზ ჩხეტიანი - ასპინძის სარაგბო ბაზა მთელ რეგიონში არის ერთადერთი, რომელიც აღჭურვილია იმ სტანდარტების შესაბამისად, რასაც მოითხოვს სპორტის ესა თუ ის სახეობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ე.წ. კვლევა ემსახურება იმას, რომ პერიოდულობით, მუდმივად შექმნან ნეგატიური ფონი „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის წინააღმდეგ, ეს არის დაგეგმილი კამპანია, რომელსაც ახორციელებენ გარკვეული მედიასაშუალებები, – ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩხეტიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ნიკოლოზ ჩხეტიანმა კომენტარი გააკეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, „სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები ივანიშვილის აშენებულ სარაგბო ბაზას აფინანსებენ“.

როგორც ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა რაგბის მხარდაჭერის უნიკალური პროგრამა.

მისივე თქმით, ასპინძის რაგბის ბაზა მთელ რეგიონში არის ერთადერთი სარაგბო ბაზა, რომელიც აღჭურვილია იმ სტანდარტების შესაბამისად, რასაც მოითხოვს ესა თუ ის სპორტი.

„ეს პროგრამა დაიწყო 2009 წელს, რის ფარგლებშიც 200 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ეს გულისხმობდა როგორც რაგბის ბაზების შექმნას რეგიონში, ასევე ჩვენი ნაკრების მხარდაჭერას და უკვე აშენებული რაგბის ბაზების მოვლა-პატრონობას. დღემდე ვასრულებთ ამას და ვუვლით ბაზებს. ჯამში არის 14 ბაზა გაკეთებული და მე-15 ბაზა ზუგდიდში, რომელიც ახლა შენდება, ალბათ მალე შეემატება სარაგბო ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა ჩხეტიანმა.

მისივე თქმით, ამ პერიოდში ფონდ „ქართუს“ ბაზების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე 28 მილიონი ლარი აქვს დახარჯული.

„ბრალდება იმის შესახებ, რომ ჩვენ ადგილობრივ ბიუჯეტს ვიყენებთ, აბსურდულია. რეგიონში თუ არსებობს სპორტული კლუბი, იქნება ეს სარაგბო, თუ სპორტის სხვა სახეობის, მას შეუძლია, გამოიყენოს რეგიონში შექმნილი ინფრასტრუქტურა. როცა არის საუბარი კონკრეტულად ასპინძის რაგბის ბაზაზე, ისიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ ამ მომენტისთვის ეს არის ერთადერთი სარაგბო ბაზა მთელ რეგიონში, რომელიც აღჭურვილია იმ სტანდარტების შესაბამისად, რასაც მოითხოვს ესა თუ ის სპორტი. იქ არის სასტუმრო, არის სატრენაჟორო დარბაზი, არის რამდენიმე სავარჯიშო მოედანი და ჩემთვის არანაირ გაკვირვებას არ იწვევს ის, რომ ეს ბაზა მოიგებს ტენდერებს, რასაც აცხადებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. „ქართუ“ ფონდმა როგორ უნდა მიიღოს რამე ბენეფიტი იმით, რომ რეგიონულმა კლუბმა ივარჯიშა ასპინძის ბაზაზე და ამ ბაზის ტერიტორიაზე ჩაატარა შეკრებები, რა სარგებელი უნდა მიიღოს ფონდმა აქედან? ეს ხომ სრული აბსურდია. ეს განცხადება და ე.წ. კვლევა, ემსახურება იმას, რომ პერიოდულობით, მუდმივად შექმნან ნეგატიური ფონი „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის წინააღმდეგ, ეს არის დაგეგმილი კამპანია, რომელსაც ახორციელებენ გარკვეული მედიასაშუალებები და მათ უკან ამოფარებული პარტიების დავალებებს ასრულებენ ამით. მინდა ვთქვა, რომ რეგიონებში სხვანაირად სპორტის მხარდაჭერა და განვითარება შეუძლებელია“, – განაცხადა ჩხეტიანმა.

მისივე თქმით, როცა ფონდმა „ქართუმ“ აღნიშნული პროგრამა დაიწყო, რაგბს არც ერთი საკუთარი ბაზა არ გააჩნდა და ახლა აქვს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინფრასტრუქტურა სხვა დანარჩენ სპორტის სახეობებთან შედარებით.

დატოვე კომენტარი