ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის მემორანდუმი გაფორმდა #1TVSPORT
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის მემორანდუმი გაფორმდა #1TVSPORT

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის, დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

რაგბის კავშირის მხრიდან მემორანდუმს ხელი პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ, ხოლო ქუთაისის უნივერსიტეტის მხრიდან აღმასრულებელმა დირექტორმა და რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ მოაწერეს. ხელმოწერის ოფიციალურ მხარეს დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლები, ასევე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტები და გამგეობის წევრები.

ღონისძიებას განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით დაესწრო საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მორაგბეებმა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორს კვართი და ავტოგრაფებით დამშვენებული სათამაშო ბურთი გადასცეს, მოგვიანებით კი ქუთაისის უნივერსიტეტი დაათვალიერეს.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ქუთაისის უნივერსიტეტისა და ქუთაისის „აიას“ ჭაბუკთა „ა“ ლიგის გუნდებმა ამხანაგური თამაში გამართეს.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძე:

„ქუთაისი ისტორიულად საქართველოს კულტურული და საგანმანათლებლო დედაქალაქია. აქ დაირწა უამრავი ჩვენი სასიქადულო მამულიშვილის აკვანი, აქ იწრთობოდა ის ძალა, ენერგია, რომელსაც წინ, პროგრესის გზაზე მიჰყავდა საქართველო. გასულ საუკუნესა და თანამედროვე ეპოქაში კი, ქუთაისი საქართველოს სპორტული ცენტრიც გახდა. აქ აღიზარდა უამრავი ქართველი სპორტსმენი, მორაგბე, რომლებმაც მრავალჯერ ასახელეს ჩვენი სამშობლო საერთაშორისო ასპარეზზე.

– არაერთხელ გვითქვამს, რამდენად შეუფასებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი რაგბის განვითარების საქმეში. ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა უპრეცედენტოა. ახლახანს, მთავრობისა და უშუალოდ პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით დავიწყეთ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოში 100 სარაგბო მოედანი მოეწყობა, ასევე უპრეცედენტო მოვლენაა“.

– სპორტი, და მით უფრო რაგბი განათლების, განსწავლული მორაგბეების, მენეჯერებისა და სხვა მომსახურე პერსონალის გარეშე წინ ვერ წავა, ვერ განვითარდება.  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ასევე საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა, დღეიდან ყველაფერთან ერთად ამ ფუნქციის მატარებელიც გახდება.

– დღეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან მემორანდუმს  გავაფორმებთ, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს, დაეხმარება რაგბიში ჩართულ სტუდენტებს, ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების კანდიდატებს.

– ჩვენი განსაკუთრებული სტუმარია საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც, ახლახან, რუსეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ დაიკავა პირველი ადგილი და სამშობლოში ტრიუმფით დაბრუნდა.

– ეს სწორედ ის თაობაა, რომელმაც სწორედ ასეთი მაღალი დონის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, როგორიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტია, უნდა მიიღოს ცოდნა, გამოცდილება, ყოველმხრივ დახვეწოს უნარები, რათა თავისი განსწავლულობა საყვარელ საქმეს, რაგბის ან თუნდაც არჩეულ სხვა პროფესიას მოახმაროს, რათა არაერთხელ ასახელოს ჩვენი ქვეყანა.

– სასიხარულოა, რომ დღევანდელი მემორანდუმი მორაგბეებს წარმატებული სპორტული კარიერის პარალელურად, საშუალებას მისცემს ხარისხიანი განათლებაც მიიღონ. უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კი, შესანიშნავი შესაძლებლობაა ახლოს გაეცნონ და უშუალოდ ჩაებან სარაგბო ცხოვრებაში. სპორტის წარმატება განათლების გარეშე შეუძლებელია. ასევე წარმოუდგენელია ჯანმრთელი, სულიერად და ფიზიკურად გაკაჟებული მეცნიერის გარეშე წარმატება საგანმანათლებლო, მეცნიერულ ასპარეზზე. ორივე ამ მიმართულებას, სპორტსა და განათლებას, ურყევად გვერდით უდგას და ეხმარება ბატონი ბიძინა ივანიშვილი და საქაველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რაც იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ნამდვილად მამულიშვილური საქმეა“.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა, რომ განათლება და სპორტი განუყოფელია:

„დიდი მადლობა რაგბის კავშირს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის. ჩვენ ვიმყოფებით „აია არენაზე“. ის ერთ-ერთია იმ მოედნებს შორის, რომელიც საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ააშენა. მის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა, ზოგადად სპორტში სრულად შეცვალა წარმატების სტანდარტი.

– იმედი გვაქვს, რომ ჩვენი, შედარებით ახალგაზრდა უნივერსიტეტიც შეცვლის უმაღლესი განათლების სტანდარტს საქართველოში. უკვე მეორე წელია ქუთაისის უნივერსიტეტი საუკეთესო სახელმწიფო უნივერსიტეტია საქართველოში და აქ ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან უმაღლესი მაჩვენებლებით ხვდებიან.

– არ არსებობს განათლება სპორტული კომპონენტის გარეშე. უნივერსიტეტთან ერთად, აუცილებელია საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებაც და ეს მემორანდუმი ამ კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დღეს ჩვენ საჩვენებელი თამაში გვქონდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ქუთაისის უნივერსიტეტის გუნდი მომავალში კარგ შედეგებს აჩვენებს და ამ სტადიონზე არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საერთაშორისო საუნივერსიტეტო ტურნირებიც გაიმართება“.

ქუთაისში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი:

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხელი მოეწერა მემორანდუმს ორ მნიშვნელოვან ორგანიზაციას შორის – ერთის მხრივ რაგბის კავშირი და მეორეს მხრივ ქუთაისის უნივერსიტეტი. ვფიქრობ, ეს არის დიდი მეგობრობის დასაწყისი. ქუთაისის უნივერსიტეტი გეგმავს რაგბი სპორტის წამყვან სახეობად დანერგოს და შექმნას თავისი სპორტული ინფრასტრუქტურა. ჩვენი ვალია, განვავითაროთ როგორც სპორტი, ასევე განათლება და ამ წამოწყებაში „ფონდი ქართუ“ თქვენს გვერდით იქნება. მინდა ვუსურვო უნივერსიტეტს, რომ ის გახდეს ისეთივე ხარისხის მატარებელი, როგორიც არის რაგბი ნებისმიერი ქართველისთვის“.

რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და 18-წლამდელებს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა:

„ეს მემორანდუმი მნიშვნელოვანია როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის, ასევე საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებისთვის. ეს ორი სფერო ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, რადგან განათლება სპორტის გარეშე არ არსებობს და არც სპორტი არსებობს განათლების გარეშე. მინდა ავღნიშნო, რომ რაგბი ინტელექტუალთა თამაშია და მაღალ დონეზე თამაშს განათლება სჭირდება.

– მემორანდუმი ასევე ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, მსგავსი თანამშრომლობა სხვა სასწავლებლებთანაც შედგება. კონკრეტულად ამ შემთხვევაში ქუთაისის უნივერსიტეტი დაეხმარება ჩვენს მორაგბეებს ამ კომფორტულ გარემოში მოხვედრასა და განათლების მიღებაში, ჩვენ კი, მათ კონკრეტულად რაგბის სწავლებაში და სწორი მიმართულების მოძებნაში დავეხმარებით“.

– სიმბოლურია, რომ ეს მემორანდუმი „აია არენაზე“ გაფორმდა. როგორც ეს სტადიონი, ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფონდ „ქართუს“ დაფინანსებულია და დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს ასეთი შესანიშნავი ინფრასტრუქტურის შექმნისთვის.

– აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს 18-წლამდელებს მივულოცო ევროპის ჩემპიონობა. ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი როგორი შრომა სჭირდება თითოეულ ასეთ გამარჯვებას. მართალია უკვე განებივრებული ვართ ამ ტურნირის მოგებით, მაგრამ ეს მარტივი არასდროს არის. ქართული რაგბი დიდ სიმაღლეზე ავიდა, რასაც გამყარება და განვითარება უნდა. მადლობა ბიჭებს, მწვრთნელებს, მთელს გუნდს ამ დიდი სიხარულისთვის“.

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი.

დატოვე კომენტარი