ნიკოლოზ ჩხეტიანი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს
ნიკოლოზ ჩხეტიანი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრება, – ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბი გახდება.

ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მთელ კავკასიის რეგიონსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი მიმწოდებელი იქნება, ეს კი, საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

„ამჟამად ვიმყოფებით გერმანიაში, კერძოდ მიუნხენში, სადაც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე სხვა უნივერსიტეტის პროფესურასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ისინი შემოუერთდებიან ჩვენს პროექტს და ძალიან მალე, მათ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში ვიხილავთ. გერმანელმა პროფესორებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო კვლევით პროცესში აქტიურად ჩართვაზე მზადყოფნა გამოთქვეს. უნივერსიტეტის მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი შეესაბამება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Technical University of Munich, TUM) მართვის სისტემას, რომელთანაც ქუთაისის უნივერსიტეტი 2017 წლიდან თანამშრომლობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად“, – განაცხადა ჩხეტიანმა.

როგორც ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესურასთან შეხვედრას მასთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი – ალექსანდრე თევზაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მიხეილ ჩხენკელი და „ფონდ ქართუს“ პროგრამების ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელი ესწრებოდნენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია  2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა. მას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს. 2020 წლის სექტემბერში კომპლექსის ინფრასტრუქტურა სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად მზად იქნება.