მიხეილ ჩხენკელი - სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე, როგორებიცაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი, ბევრი უნდა ვისაუბროთ, ეს ყველა ქართველისთვის საამაყოა
მიხეილ ჩხენკელი - სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე, როგორებიცაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი, ბევრი უნდა ვისაუბროთ, ეს ყველა ქართველისთვის საამაყოა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების წინაშე შემაჯამებელი სიტყვით წარდგა. მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით ახალი პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეის, კონცეფციისა და განვითარების სტრატეგიის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ ამ ადამიანისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად დაფუძნდა საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტი. ეს გახლავთ უდიდესი საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისა და მთელი ქვეყნისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და უამრავი სხვა საქველმოქმედო პროექტის განხორციელებით, თვალისჩინივით უფრთხილდება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს, რომლებსაც ჩვენი იდენტობა ემყარება – სწორედ ამიტომ გახლავთ ბიძინა ივანიშვილი ისტორიული მნიშვნელობის ერისკაცი ჩვენი ქვეყნისთვის.

ამაყი ვარ, რომ მაქვს პატივი, ვიყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მივიღო მონაწილეობა უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების განვითარების საქმეში. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო – მკურნალობისა და კვლევის თვალსაზრისით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის ანალოგი რეგიონში საერთოდ არ არის. ეს აგახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი აკადემიური და სამეცნიერო ჰაბი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უკვე გადაიყვანა განვითარების ახალ ორბიტაზე.

ისეთი მასშტაბური, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე, როგორებიცაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი, ბევრი უნდა ვისაუბროთ. ეს ყველა ქართველისთვის განსაკუთრებით საამაყოა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.