ნიკო მჭედლიშვილი - საქართველოს რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელად დატოვება ნათლად მიანიშნებს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ სარეიტინგო კომპანიის ნდობაზე
ნიკო მჭედლიშვილი - საქართველოს რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელად დატოვება ნათლად მიანიშნებს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ სარეიტინგო კომპანიის ნდობაზე

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის „სტანდარტ ენდ ფუარსის“ გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და პერსპექტივა „სტაბილური“ უცვლელი დატოვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ანგარიში გამოქვეყნდა საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენების გათვალისწინებით, –  ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა სარეიტინგო კომპანიის გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, ამ ფონზე საქართველოს რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელი დატოვება ნათლად მიანიშნებს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ სარეიტინგო კომპანიის ნდობაზე.

ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ექსპერტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ანგარიშის იმ ნაწილზე, რომელშიც  „სტანდარტ ენდ ფუარსი“ შესაძლებლად მიიჩნევს საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაზრდას, თუ ეკონომიკური ზრდა აისახება შემოსავლების უფრო მაღალ დონეში და ქვეყნის ექსპორტი გახდება მეტად დივერსიფიცირებული, როგორც პროდუქტების, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით.

სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ძლიერ მხარედ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება დაასახელა. „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ ეკონომიკის მნიშვნელოვან უპირატესობად საქართველოს ინსტიტუციური სიძლიერე მიიჩნია.

„სტანდარტ ენდ ფუარსი“ ანგარიშში ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული, მოიცავს: ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ბიზნეს გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას, განათლებისა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი და სიძლიერე მიანიშნებს მთავრობის შესაძლებლობაზე, უზრუნველყოს ვალის მშპ-თან ფარდობის შემცირება.

აღსანიშნავია, რომ „სტანდარტ ენდ ფუარსი“ მეორე სარეიტინგო კომპანიაა, რომელმაც საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის მიუხედავად, ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელი დატოვა. მანამდე კომპანია „ფიტჩმაც“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დატოვა.