ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განახლებულ რეიტინგში ოთხი ქართველი წონის ლიდერია #1TVSPORT
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განახლებულ რეიტინგში ოთხი ქართველი წონის ლიდერია #1TVSPORT

დოჰაში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მამაკაცთა კლასიფიკაციაში შვიდიდან ოთხ წონით კატეგორიაში ქართველები ლიდერობენ – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ) სიის სათავეში იმყოფებიან.

60 კგ-ში კვლავ მეხუთე ადგილზეა 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (4 906 ქულა), რომელმაც გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

66 კგ-ში მეოთხედან მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა ვაჟა მარგველაშვილი (4 591), რომელიც დოჰაში ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში დამარცხდა.

73 კგ-ში მსოფლიოს პირველობაზე ნაადრევი მარცხის მიუხედავად, წონის ლიდერი კვლავ ლაშა შავდათუაშვილია (6 496). მეორე ადგილზეა აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი (6 280), ხოლო მონღოლი ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირი (5 796) მესამე პოზიციას იკავებს.

81 კგ-ში პირველობა კიდევ უფრო განიმტკიცა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (10 346 ), რომელიც საერთო რეიტინგის (კაცთა და ქალთა) ლიდერიცაა. ქართველის გარდა, ხუთეულში არიან მატიას კასე (ბელგია, 8 705), საეიდ მოლაე (აზერბაიჯანი, 5 905), ტაკანორი ნაგასე (იაპონია, 4 300) და ჯონჰვან ლი (სამხრეთ კორეა, 4 220).

90 კგ-ში ლუკა მაისურაძე (7 050) წონის ლიდერი კარიერაში პირველად გახდა. მსოფლიო პირველობის ფინალში მაისურაძესთან დამარცხებულ ლაშა ბექაურს 5 100 ქულა აქვს, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ორი საფეხურით დაწინაურდა და მეხუთე ადგილზეა. მეოთხე პოზიციას ბექა ღვინიაშვილი (5 293) იკავებს.

100 კგ-ში 6 783 ქულით პირველ ადგილზე კვლავ ილია სულამანიძეა, რომელმაც დოჰაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო. მეორე პოზიციაზე ზელიმ კოცოევია (5 911). ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (3 775) სიაში მეცხრეა.

+100კგ-ში გელა ზაალიშვილი (3 472) მე-11 პოზიციაზეა, გურამ თუშიშვილს (3 285) კი მე-13 ადგილი უკავია.

ქალთა რეიტინგში ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) 4 321 ქულით მეშვიდე ადგილზე დარჩა, ეთერ ასკილაშვილი (310) 63 კგ-ში 79-ე პოზიციას იკავებს, ხოლო მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი (2 723) მეჩვიდმეტეა.

შეგახსენებთ, რომ კატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველებმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში გერმანიის ეროვნული გუნდი 4:2 დაამარცხეს.

მთლიანობაში მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული გამოდგა. ინდივიდუალურ ასპარეზობებში ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და მამაკაცთა შორის გუნდურ ჩათვლაში ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულეს.