ნიკა საბაშვილი - დიდი მადლობა პირველ არხს იმისთვის, რომ ტელევიზიაში ტელესპექტაკლები ბრუნდება
დიდი მადლობა პირველ არხს ძველი ტრადიციის აღდგენისთვის, რის შედეგადაც ტელევიზიაში ტელესპექტაკლები დაბრუნდება, – ამის შესახებ „ტელესპექტაკლის“ რეჟისორმა, ნიკა საბაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ძალიან მიხარია, რომ ამჯერად, პროექტში ჩემი საავტორო სპექტაკლი მოხვდა. გამიმართლა და ტელევიზიაში დამხვდა პროფესიონალთა გუნდი, ვისთან ერთადაც მუშაობა მომიწია, რაც ნამდვილად შემოქმედებითი ფუფუნება იყო. ამისთვის ყველას მადლობა. სპექტაკლს მეორე რეჟისორიც ჰყავს – შალვა შენგელი. მუშაობა საინტერესოდ წავიდა და სპექტაკლი როგორი გამოვიდა, ამას მაყურებელი შეაფასებს“, –განაცხადა საბაშვილმა.
მისი თქმით, ტელესპექტაკლი მაყურებლისთვის, საზოგადოებისთვის, თეატრის პოპულარიზაციისთვის და მსახიობის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სასიხარულოა, რომ ეს ტრადიცია აღდგება.
როგორც „ტელესპექტაკლის“ რეჟისორმა აღნიშნა, ტელესპექტაკლი „უკომენტაროდ“ ამბავს იმის შესახებ ყვება, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში გამოვიარეთ.
„ძველი ტელესპექტაკლებისგან განსხვავებით, სადაც სცენები დიალოგებზე იყო აწყობილი, ჩვენს სპექტაკლში სიტყვა საერთოდ არ არის და ამბავს უტექსტოდ ვყვებით. იმედი მაქვს, ის, რისი თქმაც გვსურს, უსიტყვოდაც ყველასთვის გასაგები იქნება“, – განაცხადა საბაშვილმა.
ნიკა საბაშვილის თქმით, ტელესპექტაკლი პირველი არხის ეთერში გადაღებების დასრულებისთანავე გავა.