„რანინას“ წამყვანი - ეს იქნება სამთვიანი დაუვიწყარი მოგზაურობა მუსიკის სამყაროში
„რანინას“ წამყვანი - ეს იქნება სამთვიანი დაუვიწყარი მოგზაურობა მუსიკის სამყაროში

2 მარტიდან, ყოველ პარასკევს, 20:00 საათზე დიდ მუსიკალურ ზეიმს გაჩუქებთ, ეს იქნება სამთვიანი დაუვიწყარი მოგზაურობა მუსიკის სამყაროში, – ამის შესახებ მუსიკალური მეგა შოუ „რანინას“ წამყვანმა, დათუნა ალადაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გვეყოლება 70–მდე მუსიკოსი, ასევე პროფესიონალი, ობიექტური და კეთილგანწყობილი ჟიურის 15 წევრი და 10 არაჩვეულებრივი მომღერალი, რომლებიც კასტინგის მეშვეობით შეირჩა. უკვე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ათეულიდან საბავშვო ევროვიზიაზე ძალიან მნიშვნელოვან ფიგურას გავუშვებთ. გამარჯვებული საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს 2018 წელს წარადგენს. რა თქმა უნდა, გამარჯვებულის ვინაობას სეზონის დასასრულს, ფინალში გავიგებთ“, –განაცხადა ალადაშვილმა.

მისი თქმით, მონაწილეთა ასაკი 8–დან 13 წლამდეა, რადგან პროექტი საბავშვო ევროვიზიის მოთხოვნებს უნდა დამთხვეოდა.

„ეს პირველი ასეთი ტიპის პროექტია და ბავშვები ძალიან ნერვიულობენ, რადგან სამი თვის განმავლობაში, მათ ყოველ კვირას ახალი სიმღერა უნდა შეისწავლონ და ორკესტრის, ბენდისა და მუსიკოსის თანხლებით ცოცხლად შეასრულონ. ეს ძალიან რთულია, რადგან მსგავსი რამ ამ ასაკის ბავშვებს არსად, არცერთ კონკურსში არ გადაულახავთ. პირველი რეპეტიციების ფონზე დავრწმუნდი, რომ საქართველოს ნამდვილად შესაშური მუსიკალური მომავალი ჰყავს“, – განაცხადა ალადაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გარდა იმისა, რომ „რანინა“ დიდი შოუ და ზეიმი იქნება, რითაც ყველა ისიამოვნებს, ის საგანმანათლებლო პროექტიც იქნება.

რანინა“ მთლიანად ქართული პროექტია. ჩვენთვის ქართული მუსიკა, მისი ჰარმონია ყველაზე მნიშვნელოვანია და ამიტომ, შოუში ძალიან დიდი ადგილი ხარისხიანი, გემოვნებიანი ქართული მუსიკის პოპულარიზებას დაეთმობა“, – განაცხადა ალადაშვილმა.

გადაცემის წამყვანის თქმით, შოუ ყველა ასაკის მაყურებლისთვის საინტერესო იქნება.

„მუსიკა უნივერსალური ენაა და ჩვენი შოუ საინტერესო იქნება ეთნიკური უმცირესობებისთვისაც, რომლებიც სახელმწიფო ენას ვერ ფლობენ“, – განაცხადა ალადაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ მოხდა ჟიურის წევრების შერჩევა, დათუნა ალადაშვილმა თქვა, რომ ისინი ძალიან საინტერესო სტრატეგიით შეარჩიეს.

„თითოეულ ტურში მომღერლებს ჟიურის განსხვავებული შემადგენლობა შეაფასებს, რაც პრინციპში, იმის გარანტიაა, რომ თითოეული ტური კიდევ უფრო რთული და ობიექტური იქნება. თუმცა, ჟიურის წევრებს განმეორებითაც მოვიწვევთ“ – განაცხადა დათუნა ალადაშვილმა.