ალექსანდრე ლორთქიფანიძე - „წიგნების თარო“, რომელიც ორი წლისაა და მაყურებელმა შეიყვარა, ახალ საფეხურზე ადის
ალექსანდრე ლორთქიფანიძე - „წიგნების თარო“, რომელიც ორი წლისაა და მაყურებელმა შეიყვარა, ახალ საფეხურზე ადის

„წიგნების თარო“, რომელიც უკვე ორი წლისაა და მაყურებელმა შეიყვარა, ამჯერად, ახალ საფეხურზე ადის, – ამის შესახებ გადაცემა „წიგნების თაროს“ წამყვანმა, ალექსანდრე ლორთქიფანიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გადაცემა უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური გახდა. გაიზარდა ხანგრძლივობაც და თემატიკაც. შევეცადეთ, მაქსიმალურად ჩაგვერთო ცოდნის ყველა სფერო, რაც ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის საინტერესოა და, რაც მათ განვითარება-გაზრდაზე ასე თუ ისე იმოქმედებს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, გადაცემას სხვადასხვა სფერო – მეცნიერება, ხელოვნება და სპორტი დაემატა.

„თვითონ ლიტერატურული რაუნდებიც გამრავალფეროვნდა და დაემატა ეკრანიზაციის, ასოციაციის რაუნდები. მოკლედ, თამაში, უფრო საინტერესო ხდება“, –განაცხადა ლორთქიფანიძემ.

როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, გადაცემას კიდევ ერთი საინტერესო სიახლე აქვს.

„აქამდე, ბავშვებს ბრწყინვალე შანსს ვაძლევდით და გამარჯვებული გუნდი ზაფხულში კემბრიჯში მიემგზავრებოდა, ამჯერად კი, გამარჯვებულ გუნდს კიდევ ერთი ბავშვი დაემატება, რომელსაც მერვედფინალიდან ნახევარფინალის ბოლომდე ხალხი აირჩევს. პირველი არხის საიტის საშუალებით იქნება ინტერნეტ გამოკითხვა და მაყურებელს საშუალება ექნება, მისთვის რჩეულ მოთამაშეს ხმა მისცეს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ალექსანდრე ლორთქიფანიძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი სიახლე ისაა, რომ გადაცემა შაბათ-კვირას, ამჯერად, 20:00 გავა.

„სეზონი 3 მარტს დაიწყება და 32 თამაშს მოიცავს. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს და ამიტომ, მთელი გაზაფხულისა და ზაფხულის ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ.