ნიკა მელია - გუშინდელი დღე ნათელი დადასტურება იყო იმისა, რომ პანკისის ხეობა ჰესის მშენებლობას არ შეეგუება
გუშინდელი დღე კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იყო იმისა, რომ პანკისის ხეობა არ შეეგუება ჰესის მშენებლობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
ნიკა მელია პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
„იმ ფონზე, როდესაც მათ იცოდნენ, მეორე წელია პანკისის მოსახლეობაში კატეგორიული წინააღმდეგობა იყო ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, რატომ ჩათვალა ხელისუფლებამ, რომ იქ სპეცრაზმის შეყვანა არ გამოიწვევდა კონფლიქტს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2000 წელს, შევარდნაძის პერიოდში ამ ხეობაში აშენებულა უფრო მძლავრი ჰესი ჩინელი სპეციალისტების მიერ. მათმა კულტურულმა დამოკიდებულებამ პანკისის ხეობაში მცხოვრებ ადამიანებთან შესაძლებელი გახადა ჰესის მშენებლობა.
ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის მკაფიო მაშინ, როდესაც მათ იცოდნენ, რომ იქ ნებისმიერი ძალისმიერი მეთოდებით მშენებლობის დაწყება გამოიწვევდა მსგავს კონფლიქტს. მეორე წელია თავად ამ ხელისუფლებას შეჩერებული ჰქონდა იქ ჰესის მშენებლობა. დაუშვებელი იყო სპეცრაზმის შეყვანა. გუშინდელი დღე კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იყო იმისა, რომ ის ხეობა არ შეეგუება ჰესის მშენებლობას. დიახაც, პროვოკაციას აწყობ შენ, როდესაც იცი, რომ ეს მოხდება და ასობით სპეცრაზმელი შეგყავს ხეობაში, ძალდატანებით ჰესის მშენებლობის დასაწყებად”,- განაცხადა ნიკა მელიამ.
პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის გუშინ დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.
გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.
სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.