ნიკა მაჭუტაძე - ირაკლი ოქრუაშვილი მკაფიო, მოქალაქეობრივი, ზუსტი და ყველაზე უფრო ადეკვატური რეაქციის გამო დაისაჯა
მხარდაჭერას ვუცხადებ ივანიშვილის პირად, პოლიტიკური პატიმარს და ტყვეს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც არის მსხვერპლი იმ ნეობოლშევიკური რეჟიმისა, რომელსაც ფარდა და ნიღაბი ჩამოეხსნა მაშინ, როდესაც მთავარ სავარძელში, დიდ დარბაზში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მოამზადეს და აღაზევეს ვინმე კომუნისტი, ბოლშევიკი გავრილოვი, – ამის შესახებ პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.
როგორც ნიკა მაჭუტაძემ აღნიშნა, მკაფიო, მოქალაქეობრივი, ზუსტი და ყველაზე უფრო ადეკვატური რეაქციის გამო დაისაჯა ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც საფრთხე, ივანიშვილის ოლიგარქიისთვის.
„როგორც ჩანს, ირაკლი ოქრუაშვილს ოლიგარქი ივანიშვილი განიხილავს თავისი სრულიად განძარცვული რეჟიმის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს. ჩვენ ოქრუაშვილის პარტნიორები, მეგობრები, თანამებრძოლები, კოლეგები, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ და მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. მიიღონ მკაფიო ზომები, დაგვიდგნენ მხარში ჩვენ, პოლიტიკურ ოპოზიციას, ქართულ დემოკრატიულ საზოგადოებას, რათა შეწყდეს ეს ნეობოლშევიკური რეჟიმი, თავისი რეპრესიებით, იმ სიგიჟეებითა და იმ ფსიქიური გადახრებით ქვეყანაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართველ ხალხს, სახელმწიფოებრივ ამოცანებს, ეროვნულ ინტერესებს და მის დასავლურ კურსს, მის დასავლურ არჩევანს, რომელიც არის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეგზისტენციალური არჩევანი მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში“, – განაცხადა მაჭუტაძემ.
ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ამასთან, შსს-მ კიდევ ოთხი პირი დააკავა.