ნიკა მაჭუტაძე - ჩვენი მიზანია ქაჯეთის ციხიდან ჩვენი გამოხსნა და სახლში, ევროპაში დაბრუნება
ნიკა მაჭუტაძე - ჩვენი მიზანია ქაჯეთის ციხიდან ჩვენი გამოხსნა და სახლში, ევროპაში დაბრუნება

ჩვენი მიზანი, როგორც ნაციის, არის არა რომელიმე კონკრეტული სტრუქტურა, არამედ დაბრუნება ცივილიზაციურ და კულტურულ სახლში, საქართველო რომ ქაჯეთის ციხეში გაიტაცეს, იმ ქაჯეთის ციხიდან ჩვენი გამოხსნა და სახლში, ევროპაში დაბრუნებაა ჩვენი მიზანი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.

როგორც მაჭუტაძემ პარლამენტის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, კანონშემოქმედება უნდა ეფუძნებოდეს ტრადიციას და როცა ის გამორიცხავს ტრადიციას, ძალმომრეობად იქცევა.

„ქართველები, საქართველოს სხვადასხვა დროის სახელმწიფოებრივი ფორმაციები ითვლებოდნენ სწორედ ჩრდილოეთის მცველებად, რომლებიც ჩრდილოეთის გადმოსასვლელებს იცავდნენ ბიბლიური გოგისა და მაგოგის ანტიცივილიზაციური ხალხებისგან. იცავდნენ მარადიულ დასავლეთს, იცავდა მარადიული საქართველო. ჩვენ არ გვეშინია; იმ ხალხს, რომლებიც ამ კანონში ვკითხულობთ იმ უზარმაზარ საფრთხეებს, რაც ემუქრება ჩვენს ხალხს, ჩვენი ქვეყნის წარსულის გააზრებას. ის ხალხი, რომელიც ამ კედლებს მიღმა გრგვინავს, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს. კანონშემოქმედება უნდა ეფუძნებოდეს ტრადიციას და როცა ის ებრძვის, გამორიცხავს ტრადიციას, მაშინ ის კანონშემოქმედება კი არ არის, ძალმომრეობად იქცევა. მიტინგი რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი იყოს, არ უნდა კარნახობდეს პარლამენტს კანონებს. ​კანონშემოქმედება უნდა მიჰყავდეს ქვეყნის პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტას და არა ქუჩას. მაგრამ ეს ის დროა, როცა პარლამენტსაც და ყველას სჯობნის ქართველი ხალხი თავისი გუმანით, ვრცელი ისტორიული მეხსიერებით, ცივილიზაციური, კულტურული, ნაციონალური მიკუთვნებულობით. საქართველო არის მარადიული, საქართველო არის ევროპაში და ამას წინ ვერ დაუდგა ვერაფერი ვერასდროს. ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მაჭუტაძემ.