„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე, პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი, ნიკა მაჭუტაძე აცხადებს, რომ „ძალა ერთობაშია“ არათუ იშლება, პირიქით, ძლიერდება.
მაჭუტაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი ერთიანი და მტკიცეა.
„მე პირადად ვარ მოძრაობა „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი წევრი და დღეს ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და სუბიექტი, რომელიც არის ჩვენი მთავარი პარტნიორი – „ნაციონალური მოძრაობა“, იმის ბანერთან გაძლევთ ინტერვიუს. ეს ნიშნავს იმას, რომ „ძალა ერთობაშია“ არამცთუ იშლება ან რაიმე საფრთხე უდგას მას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ და რომელმა სუბიექტმა რა განაცხადა, არამედ პირიქით, ძლიერდება.
ჩვენ გვაქვს ინტენსიური საუბრები სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს არჩევნებში ჩვენს ერთობლივ მონაწილეობას. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფორმატი არის ერთიანი, მტკიცე. გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობასთან და სხვა დანარჩენ სუბიექტებთან ერთად წარდგება ერთიანი სახით, ერთიანი ფორმატით, ერთიანი შინაარსით არჩევნებზე“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
რაც შეეხება გაერთიანებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გასვლაზე განცხადებებს, მაჭუტაძე ცალკეულ წევრებსა და სუბიექტებს ურჩევს, რომ ნაადრევ კომენტარებს ნუ გააკეთებენ.
„დაველოდოთ მორიგ სხდომებს, რომელიც აუცილებლად ჩატარდება რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის შტაბბინაში, იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობა“, თუ „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ან კიდევ სხვა რომელიმე. მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს. ეს არის ის რეალობა, რომელიც დღეს დგას ამ კოალიციაში.
საუბარი არის იმაზე, რომ ერთიანი ძალებით, ერთიანი ფრონტით, ერთიანი პროპორციული, ერთიანი მაჟორიტარული სისტემით, ერთობით, ბლოკით და კოალიციით შევუტიოთ ივანიშვილის რეჟიმს. ანუ, ყველა იმ ატრიბუტით, რომელიც გულისხმობს ერთიან პოლიტიკურ კოალიციას, დიდ პოლიტიკურ კოალიციას, რომელიც შეცვლის ივანიშვილის რეჟიმს მშვიდობიანად, უმტკივნეულოდ, კონსტიტუციური და სამართლებრივი გზებით“, – აღნიშნა ნიკა მაჭუტაძემ.
შეგახსენებთ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არის საუბარი გაერთიანებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გასვლის თაობაზე.
თუმცა, მისივე თქმით, ამ თემაზე საბოლოო კომენტარი თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთოს.