ნიკა მაჭუტაძე - აკა მორჩილაძის წინადადებებში არის რეზონი, მაგრამ აკლია მონუმენტურობა
აკა მორჩილაძის მიერ ფრანკფურტში წარმოთქმულ წინადადებებში არის რეზონი, რომელიც გამოდის საქართველოდან და ქართული ლიტერატურიდან, მაგრამ აკლია მონუმენტურობა, – ასე შეაფასა საკუთარ ფეისბუქგვერდზე „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ მწერალ აკა მორჩილაძის სიტყვით გამოსვლა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე.
„აკა მორჩილაძის სიტყვა წავიკითხე, ფრანკფურტში წარმოთქმული. არის მის წინადადებებში რეზონი, რომელიც გამოდის საქართველოდან და ქართული ლიტერატურიდან, მაგრამ აკლია მონუმენტურობა, არა მხოლოდ არტიკულაციაში, არამედ აღქმაში უპირველესად. დამრჩა მძიმე შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ან მინიმუმ სპიკერი, ვერ აღვიქვამთ ვერც ჩვენს ქვეყანას და ვერც ჩვენს დიდ ლიტერატურას. ყველა ნაციონალურ მწერლობას გამოარჩევს მისი სათქმელი, ის სულისკვეთება, რომლითაც იქმნება მწერლობა თავისი დარგებით და არ მითხრათ ახლა, ეგ მოძველებულია, სინამდვილეში არანაირი ნაციონალური მწერლობა არ არსებობსო.
ჩვენი მწერლობა ჩვენი ვინაობის მთავარი კომპონენტთაგანია და მას სჭირდება არა ზედაპირული გაგება და გადაცემა, არამედ მთავარი სათქმელის გავრცელება“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
მწერალი აკა მორჩილაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გუშინ გამოვიდა.