აკა მორჩილაძე - მრავალ სიკვდილ-სიცოცხლეში არსებობენ კულტურები, რომლებიც საოცრებების წყალობით მოვიდნენ 21-ე საუკუნემდე, ბედნიერებაა, რომ ასეთ კულტურას წარმოადგენ [სრული ვიდეო]

მრავალ სიკვდილ-სიცოცხლეში არსებობენ კულტურები, რომლებიც საოცრებების წყალობით მოვიდნენ 21-ე საუკუნემდე, ბედნიერებაა, რომ ასეთ კულტურას წარმოადგენ, – ამის შესახებ მწერალმა აკა მორჩილაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე განაცხადა.

მწერლის თქმით, საქართველოს ისტორიაში, მის არსებობა-არარსებობას მისი კულტურა განსაზღვრავდა.

„მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ ვიმყოფები, არის ის, რომ ჩემი საკმაოდ გაუბედავი ხმა შევაწიო კულტურას, რომელსაც წილად ხვდა ეს პატივი, რომ ასეთ მნიშვნელოვან პლატფორმაზე ყოფილიყო დღეს წარმოდგენილი.

არსებობს დავიწყებული კულტურები. არსებობს ასევე კულტურები, რომლებიც მკვდარია, მაგრამ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში მეცნიერების მოწადინებით. არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც მაგალითად სჭირდება ვინმეს, რადგან ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მათდამი მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის ხოლმე.

მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეში არსებობენ ასევე ძველი, დღევანდელი სამყაროსთვის ან სრულიად უცნობი ან ერთეულ მოყვარეთათვის ნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაც მაღალი საოცრებების წყალობით მოვიდნენ ოცდამეერთე საუკუნემდე. სიმართლე გითხრათ, ბედნიერებაა, რომ სწორედ ასეთ კულტურას წარმოადგენ და შეგიძლია, ამაზე თქვა ორი სიტყვა – არც განსხვავებული არაფერი, მაგრამ უბრალოდ, ორი სიტყვა.

ეგებ, რაღაც უცნობი შორეული კულტურა საერთოდ არაფერს ნიშნავდეს სამყაროს უმრავლესობისთვის, მაგრამ ქართველებისთვის ეს არის – ჩვენ ასეთი სიტყვა გვაქვს „რაღაცა“. „რაღაცას“ ვეძახით ბევრ რამეს და მარტო „რაღაცა“ არ არის ჩვენთვის რაღაცები. აი, ასე, სრულიად უცნობ, პოლიტიკურად გაგებულ საქართველოს ისტორიაში კიდევ ყოფილა უგრძესი პერიოდები, საუკუნოვანი დროები. სწორედ მის არსებობა-არარსებობას მისი კულტურა განსაზღვრავდა – მარტივი რაღაცები, ვთქვათ, ანბანი. უკვე იცით, რომ სხვა ანბანი გვაქვს და ა.შ. ეს არის, რომ გითხრათ სიმართლე ჩემი ჭკუით, როგორც ქართველის, ძალიან ჯიუტი, უცნაური, ჰუმანისტური, მრავალგზის დამახინჯებული, მაგრამ კულტურა, ძლიერი კულტურა. ასეთი ისტორიაა საერთოდ, ძველი სისხლით და სიმძიმით სავსე.

იცით, რომ ჩვენი კულტურის მეორე ნაწილი არის ანბანი, რომელზეც ბევრს ვლაპარაკობთ და თქვენც აქ ხედავთ. ამით ვწერდით ჩვენ წიგნებს. მე მაქვს საინტერესო შეხედულება ჩვენს ანბანთან, სრულიად არამეცნიერული – ეს არის ფუფუნება, ასეთი რაღაც რომ გაქვს ადამიანს ან ერს, რადგან თქვენ უყურებთ გაოცებული და ჩვენ ვკითხულობთ, ამ დროს ჩვენ თქვენსას იოლად ვკითხულობთ, თქვენ ჩვენსას საერთოდ ვერ კითხულობთ. ეს უპირატესობა გვაქვს დამალული. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრს ვთარგმნიდით, განსაკუთრებით აღმოსავლური ენებიდან, ვიდრე მშვიდობა იყო. ჩვენ არ გვთარგმნიდა არავინ. ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ არ კითხულობთ არაფერს ჩვენსას. წარმოიდგინეთ, ესეც რამხელა უპირატესობაა. ჩვენ ვწერთ პროზას, ისტორიასაც ვწერთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საქართველო არის პოეზიის ქვეყანა. ჩვენთან ისტორიულ ქრონიკებსაც ლექსად წერდნენ. რომანებსაც წერდნენ ლექსად, სახელმწიფო ქაღალდები გვაქვს ლექსად დაწერილი, ხეებზე, ცხვირსახოცებზე, სასმისებზე, მერხებზე.

საქართველოს გაცნობა, რა თქმა უნდა, შეიძლება იქ მოგზაურობით, მაგრამ მაინც ჯობს, ქართულმა ლიტერატურამ მოგახსენოთ თავისი ძველი და უცვლელი სათქმელი იმის თაობაზე, რომ სიყვარული, მეგობრობა, სირთულეები, სიკვდილი და სიცოცხლე, ომი და მშვიდობა, ტკივილი და სილაღე, იუმორი და ტრაგედია ისევე არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, როგორც თქვენი და ამაზე ლაპარაკი და თხრობა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრს არავის დედამიწის ზურგზე. ამის მრავალსაუკუნოვანი სამყაროსთვის უცნობი ტრადიცია გვაქვს. ჩვენი ლიტერატურა ჩვენი აღსარებაცაა, ჩვენი ოცნებაცაა და ასე შემდეგ“, – განაცხადა აკა მორჩილაძემ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსთან ერთად გახსნა, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი.