NHL ჰოკეის ტურნირის ზაფხულის ოლიმპიადაზე ჩატარების იდეით გამოდის
NHL ჰოკეის ტურნირის ზაფხულის ოლიმპიადაზე ჩატარების იდეით გამოდის

ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) კომისარი გერი ბეტმენი ჰოკეის ტურნირის ჩატარებას არა ზამთრის, არამედ, ზაფხულის ოლიმპიადაზე მიიჩნევს მიზანშეწონილად.

პიონჩანგის ზამთრის თამაშებში პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში NHL-ის ჰოკეისტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ლიგამ და ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ მოლაპარაკება ვერ შეძლეს და NHL-მ უარი თქვა საკუთარ ჩემპიონატში პაუზის გაკეთებაზე.

„ჰოკეის დებიუტი ოლიმპიადებზე 1920 წელს, ზაფხულის თამაშებზე შედგა. საჭირო იქნება ჰოკეისტების აზრის მოსმენა, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი თანახმა იქნებიან. მზად ვარ, მხარი დავუჭირო მათ.

დიდი ხნის წინ ვესაუბრე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელ პრეზიდენტს ხუან ანტონიო სამარანჩს და სწორედ ეს იდეა შევთავაზე. მაშინ, ამან შედეგი ვერ გამოიღო. ბევრში ამ იდეამ ღიმილი გამოიწვია“, – განუცხადა Sportsnet-ს ბეტმენმა.