„ნენსკრაჰესის“ მშენებლობა პროექტიდან იტალიური კომპანიის გასვლის გამო შეფერხდა
„ნენსკრაჰესის“ პროექტიდან იტალიური სამშენებლო კომპანია „სალინი იმპრეჯილო“ (Salini Impregilo) გავიდა. ამის შესახებ პირველი არხისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.
ინვესტორის დაკვეთით სწორედ ამ კომპანიას უნდა აეშენებინა ჰიდროელექტროსადგური. „სალინი იმპრეჯილო“ 50-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და 35 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.
პროექტის ახალი მშენებელი ახალი ტენდერით უნდა გამოვლინდეს, მანამდე კი, პროექტი შეფერხებულია. როგორც პირველ არხს სამხრეთ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა, ბრუნო ბალვანერამ განუცხადა, პროექტისთვის თანხის გამოყოფაც დროებით შეჩერებულია.
„EBRD-ის ბორდმა პროექტს მხარი დაუჭირა, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსად. თუმცა აღმოჩნდა, რომ საქმე ცოტა უფრო რთულადაა. კერძოდ, „ნენსკრა“ ეძებს ახალ საინჟინრო კომპანიას. იტალიურ კომპანიასთან ურთიერთობა შეწყდა და ახლა საჭიროა ახალი ტენდერით კომპანიის გამოვლენა. ეს საკმაოდ გამომწვევი პროექტია. ვსაუბრობთ მილიარდი დოლარის სამუშაოზე. ცოტა კომპანიას აქვს მსოფლიოში შესაბამისი ტექნიკური და საინჟინრო შესაძლებლობები. ველოდებით ახალი ტენდერის შედეგებს. ამის შემდეგ გავაგრძელებთ პროექტის მხარდაჭერას“, – აღნიშნა ბალვანერამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, რომ იტალიური კომპანიის გასვლა ნაწილობრივ ადგილობრივი მოსახლეობის გამო მოხდა.
„ვართ მოლოდინში. ახალი შემსრულებელი შემოვა და სამუშაო განახლდება“, – განუცხადა პირველ არხს ნინო ვიბლიანმა.
სვანეთში „ნენსკრაჰესის“ მშენებლობას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. პროექტის დასრულება 2021 წლამდე იგეგმებოდა, თუმცა ადგილზე ჯერ აქტიური სამშენებლო სამუშაო არ დაწყებულა.