ნათია თურნავა - საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის ნენსკრაჰესი სტრატეგიული პროექტია
ნათია თურნავა - საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის ნენსკრაჰესი სტრატეგიული პროექტია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კორეის რესპუბლიკის გარემოს მინისტრ ჩო მენ რესთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხი და ხაზი გაუსვეს მზარდ დინამიკას, როგორც ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის, ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. აღინიშნა, რომ 2019 წელს კორეიდან საქართველოში 25 პროცენტით მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას შეეხებოდა.

„კორეელ ინვესტორებს შორის საქართველოს, როგორც მიმზიდველი ბაზრის პოპულარობა  იზრდება. დღესდღეობით, 80-მდე კომპანია საქმიანობს საქართველოში, რომლებიც კორეული კაპიტალის მონაწილეობით არის შექმნილი სხვადასხვა სფეროში. თუმცა მათ შორის, გამოირჩევა საქართველოს ენერგეტიკის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი – ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც მსხვილი კორეული კომპანია „ქეი უოთერი“ ახორციელებს,“ – განაცხადა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ნენსკრაჰესი უმსხვილესია „ქეი უოთერის“ უცხოურ პორტფელში და ამავე დროს სტრატეგიული პროექტია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და  ენერგოუსაფრთხოებისთვის.

„კორეის გარემოს მინისტრმა გამოხატა კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა ამ  პროექტის მიმართ და მზადყოფნა, მოხდეს პროექტის დროული იმპლემენტაცია,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი და კომპანია „ქეი უოთერის“ წარმომადგენლები.