„ნენსკრა ჰიდრო“ - ჰესის სამშენებლო სამუშაო ნოემბერში განახლდება
„ნენსკრა ჰიდრო“ - ჰესის სამშენებლო სამუშაო ნოემბერში განახლდება

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ნენსკრა ჰიდროში“ აცხადებენ, რომ იტალიურ „სალინი იმპრეჯილო“-სთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით შეწყდა.

კომპანიის ინფორმაციით, სოფელ ჭუბერში 2018 წლის დასაწყისში შეჩერებული სამუშაოები ნოემბერში განახლდება. კერძოდ, იგეგმება მდინარე ნენსკრაზე 100 ტონა ტვირთამწეობის მქონე ორი ხიდის მშენებლობის დაწყება.

„პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება. ამავდროულად, სს „ნენსკრა ჰიდრო“ მუშაობს პროექტში ახალი მშენებელი კომპანიის ჩართვაზე წინა კონტრაქტორის ჩასანაცვლებლად, რომელთანაც ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით შეწყდა“, – აცხადებენ კომპანიაში.

პირველი არხისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ „ნენსკრაჰესის“ პროექტიდან იტალიური სამშენებლო კომპანია „სალინი-იმპრეჯილო“ (Salini Impregilo) გავიდა.  ინვესტორის დაკვეთით სწორედ ამ კომპანიას უნდა აეშენებინა ჰიდროელექტროსადგური.

„სალინი იმპრეჯილო“ 50-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და 35 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.