ნათია იორდანიშვილი - ტყით სარგებლობის წესში ცვლილებების მიხედვით, დამზადებული საშეშე მასალის ფასი არ გაიზრდება
ტყით სარგებლობის წესში ცვლილებების მიხედვით, დამზადებული საშეშე მასალის ფასი არ გაიზრდება, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
ნათია იორდანიშვილმა სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ მოქალაქეს, კახაბერ სუდაძესაც უპასუხა, რომელმაც გადაცემაში პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, რომ უკეთესი იქნება, თუ მოქალაქეებს კუთვნილი 15 კბ.მ შეშიდან 2–3 კბ.მ მასალის ამოღება და სხვადასხვა დანიშნულებით, ფიცრად ან ღობისთვის საჭირო მასალად გამოყენება შეეძლება.
„თუ ადამიანმა მასალა შეშად იყიდა, შეშად უნდა გამოიყენოს. თუ მას ამ რაოდენობის შეშა არ სჭირდება, სახელმწიფომ სხვა ბენეფიციარი უნდა დააკმაყოფილოს. რა თქმა უნდა, მოქალაქეს შეუძლია, მასალა სახლში ღობის გასაკეთებლად და სამეურნეო საქმიანობისთვის გამოიყენოს, თუმცა ასეთი კითხვების ქვემიზნები მასალის სახერხზე შეტანა და შემდეგ ფიცრისა, თუ სხვა მასალის გასხვისება–გაყიდვაა ხოლმე“, – განაცხადა იორდანიშვილმა.
როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ აღნიშნა, სოციალური ჭრის პრინციპი იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული რაოდენობის შეშა ადამიანს გასათბობად სჭირდება.
„ცვლილებების შედეგად იცვლება მხოლოდ ის, რომ მოქალაქე ხე–ტყის ტყეში დამზადებას თავად აღარ მოახდენს, თორემ თუ მას რომელიღაც კატეგორიის მასალა საცხოვრებელი სახლის აღსადგენად, თუ სხვა მიზნით სჭირდება, დასაბუთებული არგუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, ამ მასალასაც დამზადებული პროდუქტის სახით მიიღებს“, – განაცხადა იორდანიშვილმა.
მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა მოქალაქე, რომელიც სოფლად არის ჩაწერილი, მაგრამ იქ მუდმივად არ ცხოვრობს, 7 კბ.მ–იან ბილეთს იღებს, სხვაზე ასხვისებს და ყიდის.
„ასევე, არის შემთხვევები, როცა ადამიანებს, რომლებიც ხე–ტყის დამზადების პროცესში არალეგალურად არიან ჩაბმული, ბენეფიციარამდე უფრო ნაკლები რაოდენობის მერქანი მიაქვთ და ხე–ტყის ეს ნაწილი ან სხვა მომხმარებლის ხელში ხვდება, ან არალეგალურ ბაზრებზე, რომ არაფერი ვთქვათ იმ რისკებზე, რომ ტყიდან ხელს სხვა, მოუნიშნავი ხეც შეიძლება გამოაყოლონ“, – განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ განხორციელდება მონიტორინგი ისეთ ფაქტებზე, როცა სოფლად ჩაწერილ მოქალაქეს, რომელიც იქ მუდმივად არ ცხოვრობს, ტყიდან გამოტანილი მასალის გასხვისება, ან გაყიდვა შეუძლია, ნათია იორდანიშვილმა განაცხადა, რომ ცვლილებების მიზანი ფაქტიური მოხმარების ზრდაა.
„სოციალური ჭრით დამზადებული მერქნის გასხვისება კანონით აკრძალულია და ეს არალეგალურად ხდება“, – განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.