რევაზ გეთიაშვილი - იმედი ჩნდება, სატყეო პოლიტიკა მთავრობისთვის პრიორიტეტი გახდება
რევაზ გეთიაშვილი - იმედი ჩნდება, სატყეო პოლიტიკა მთავრობისთვის პრიორიტეტი გახდება

გზავნილები, რომლებიც ძირითადად, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოდიოდა, ახლა უკვე მთავრობის ხელმძღვანელისგან გვესმის, რაც გარკვეულ იმედს გვაძლევს, რომ სატყეო პოლიტიკა მთავრობისთვის პრიორიტეტი გახდება, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორმა, რევაზ გეთიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ასეთ შემთხვევაში, სატყეო პოლიტიკის, ენერგოპოლიტიკისა და სოციალურ–ეკონომიკური პოლიტიკის გარემოს დაცვითი მიმართულებით შესაძლებელი იქნება კომპლექსური ღონისძიებების გატარება“, – განაცხადა გეთიაშვილმა.

მისი თქმით, შეშაზე არსებულ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დრამატული სხვაობაა და, ალბათ, სატყეო სააგენტომ ეს მძიმე მდგომარეობა გაითვალისწინა. 

„ციფრები არსებობს, დათვლილია და ჩვენ გაცილებით მეტი რესურსი გვჭირდება, რისი მოცემაც ტყეს შეუძლია. ტყით სარგებლობის წესში შესული ცვლილებები ნაბიჯია, რამაც, ერთი მხრივ, შეშის მდგრად დამზადებას ორგანიზებული ხასიათი უნდა მისცეს, მეორე მხრივ კი ბიზნესი უნდა წაახალისოს“, – განაცხადა გეთიაშვილმა.

როგორც “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორმა აღნიშნა, სამასალე მერქანთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შავი ლაქა ნამდვილად იყო და როცა კანონმდებლობაში ასეთი შავი ლაქები არსებობს, ეს არალეგალური ბიზნესისა და უკანონო ტყეთსარგებლობა რისკებს აჩენს, ცვლილებები კი გარკვეულ შედეგებს მოიტანს.