ირაკლი მაჭარაშვილი - ტყით სარგებლობის წესში ცვლილებებამდე დაინტერესებული პირების მოსაზრებები უნდა მოესმინათ
ირაკლი მაჭარაშვილი - ტყით სარგებლობის წესში ცვლილებებამდე დაინტერესებული პირების მოსაზრებები უნდა მოესმინათ

პრემიერ-მინისტრს მთავრობის დადგენილებაზე ხელის მოწერამდე საჯარო განხილვები უნდა მოეწყო და დაინტერესებული პირების მოსაზრებები მოესმინა, შემდეგ ან გაეთვალისწინებინა, ან დასაბუთებული უარი ეთქვა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა, ირაკლი მაჭარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საქართველოს კანონმდებლობით, ისეთი დადგენილებები, როგორიც ტყით სარგებლობის წესში ცვლილებები, გადაწყვეტილებების მიღებამდე საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს. ეს ხარვეზი წინა მთავრობასაც ჰქონდა, იმის წინასაც და ამ მთავრობასაც აქვს, რაც პრობლემაა, რადგან მთავრობა კეთილგანწყობილ ხალხს გვერდით არ იყენებს, არაკეთილგანწყობილ ადამიანებს კი დამატებით იარაღს აძლევს, თქვან, რომ რაკი მთავრობამ ეს ცვლილება შემოიტანა, ესე იგი მას ცუდი უნდა “, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ–ერთი გამონაკლისი ქვეყანა იყო, სადაც წიაღის მოპოვებაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასება საჭირო არ იყო, მაგრამ მთავრობის დადგენილების პროექტში სიტუაცია შეიცვალა და ტყეში ჭრის განხორციელება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების, ანუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილი ხდება. 

„ადრე ასე ხდებოდა – აიღებდნენ ლიცენზიას და იტყოდნენ, რომ ქაღალდი უკვე აქვთ და შეუძლიათ, ტყე მოჭრან, რასაც აკეთებდნენ კიდეც და შემდეგ კომპენსაციას არ იხდიდნენ. ტყის მოჭრა ასე თამამად და კომპენსაციების გარეშე ამის შემდეგ ვეღარ გაგრძელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რათა ტყის ასეთი მნიშვნელოვანი დეგრადაციის ტენდენცია გარკვეულწილად შემცირდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, წიაღის მოპოვების ადგილზე განადგურებული ტყე იმას ნიშნავს, რომ სანამ დედამიწა იარსებებს, იმ ადგილას ტყე აღარასოდეს იქნება.

„შესაძლოა, ჩვენ გულზე გვხვდება, რომ ხანძრის შედეგად ბევრი ტყე განადგურდა. ჯერ ერთი, ხანძრის შედეგად არც ისე ბევრი ტყე განადგურებულა და მეორეც, ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყე იმას ნიშნავს, რომ ის 70 წელიწადში აღდგება“, – განაცხადა ირაკლი მაჭარაშვილმა.