სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებლების აზრით, ტყით სარგებლობის წესში ცვლილებები მოსახლეობაზე შესაძლოა, ცუდად აისახოს
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებლების აზრით, ტყით სარგებლობის წესში ცვლილებები მოსახლეობაზე შესაძლოა, ცუდად აისახოს

ტყით სარგებლობის წესში ცვლილებებმა ადგილობრივ მოსახლეობაზე, შესაძლოა, ცუდად იმოქმედოს, რადგან შეშის მოპოვება ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, – ამის შესახებ სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებმა ზურაბ ივანიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„თუ მოსახლეობას ერთი რეისი შეშის, შვიდი თუ 15კბ.მ შეშის ოჯახამდე მოტანა 100 ლარი უჯდება, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სამჯერ მეტი დაუჯდეს“, – განაცხადა ზურაბ ივანიძემ.

ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრება სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებმა კახაბერ სუდაძემაც გამოთქვა. 

მისი თქმით, ბილეთის აღების, სამასალე მერქნის მოპოვებისა და მოტანის პრობლემა მოსახლეობას არ აქვს, მაგრამ უკეთესი იქნება, მოქალაქეებს კუთვნილი შეშიდან 2–3 კბ.მ მასალის ამოღება და სხვადასხვა დანიშნულებით, ფიცრად ან ღობისთვის საჭირო მასალად გამოყენება შეეძლოს.

კიდევ ერთი ადგილობრივის, ზვიად ზედგინიძის თქმით, ცვლილებები ცუდი არ არის, თუ ის მომხმარებელზე ეფექტურად იქნება მორგებული.

„პირადად მე, ხელს მაძლევს, დამზადებული საშეშე, თუ სხვა მასალა შევიძინო, თუ ფასი მისაღები იქნება. კარგი იქნება, თუ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება. იმაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რომ დამზადებული საშეშე მასალა გლეხმა შეიძინოს და წამოიღოს, თუ რა თქმა უნდა, ფასები კარგი და გლეხისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ვფიქრობ, ფასებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები იქნება, რადგან მასალის დამამზადებლებს ხელფასის გადახდა უნდათ და ეს ყველაფერი ჰაერიდან არ მოვა. ძალიან კარგი იქნება, მათთვის შრომის ანაზღაურების გადახდამ მომხმარებლის მიერ გადასახდელ ფასზე არ იმოქმედოს“, – განაცხადა ზვიად ზედგინიძემ.