ნელი კორკოტაძე - მოქალაქეებს სამასალე მერქნის ლეგალური გზით მოპოვების მეტი შესაძლებლობა ექნებათ
მინისტრის დავალებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პაკეტების მომზადება დაწყებულია, სადაც სანქციებიც გამკაცრდება, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელმწიფო ინსპექტორმა, ნელი კორკოტაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„იქ იქნება როგორც ფინანსური სანქციის გაზრდა, ასევე სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაცია. თუ ტყით უკანონო სარგებლობა მოხდა, იმის მიუხედავად, ზიანი მნიშვნელოვანი იქნება თუ არა, საჭიროა, პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მინისტრის დავალებით, მუშაობა სხვა მუხლებთან დაკავშირებითაც მიდის და უახლოეს პერიოდში კანონპროექტის ვერსია გვექნება“, – განაცხადა კორკოტაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად საფუძვლიანია მოსახლეობის შიში, რომ ცვლილებების შედეგად, ზამთრის პერიოდში მათ გათბობის პრობლემა შეექმნებათ, ნელი კორკოტაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობას ეს პრობლემა არ უნდა შეექმნას, რადგან ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ყველა ნიუანსი გაითვალისწინა, როცა მთავრობის დადგენილების პროექტი მოამზადა.
„მოქალაქეებს მუდმივად აღარ ექნებათ განცდა, რომ კანონდამრღვევები არიან და უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ, სამასალე მერქანი ლეგალური გზით მოიპოვონ, გადაამუშაონ და ტყის რესურსით ისარგებლონ“, – განაცხადა ნელი კორკოტაძემ.
მისი თქმით, დღეს უკვე დარეგულირებულია, რომელი ხიდან რა მასალა მიიღება.
„მოქმედებს ელექტრონული სისტემა და, ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე ვხედავთ, ხის მოჭრიდან მის გადამუშავებამდე, რომელი ხე მოიჭრა, რომელი გადამუშავდა და აქედან რა პროდუქტი მივიღეთ. ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებით“, – განაცხადა ნელი კორკოტაძემ.