ნელი კორკოტაძე - გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღება წინგადადგმული ნაბიჯია
საქართველოს მთავრობამ მოამზადა და პარლამენტმა მიიღო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რაც წინგადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, იმ ტერიტორიაზე, სადაც წიაღით სარგებლობა უნდა განხორციელდეს, გარემოზე ზემოქმედება წინასწარ შეფასდება. ასევე გაიზარდა საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებას დაექვემდებარება. 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ეს კანონმდებლობა სრულად ამოქმედდა“, – განაცხადა კორკოტაძემ.
მისი თქმით, წიაღის მოპოვების მოქმედი ლიცენზიანტები დღესაც ვალდებულები არიან, ის ტერიტორია აღადგინონ, სადაც წიაღით სარგებლობა ხდებოდა. როგორც ნელი კორკოტაძემ აღნიშნა, მათ უნდა განახორციელონ როგორც ტექნიკური, ასევე ბიოლოგიური ეტაპი და ამ პერიოდში ხეების დარგვაც შესაძლებელია.
ნელი კორკოტაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორს, ირაკლი მაჭარაშვილსაც უპასუხა, რომლის თქმით, სამართალდამრღვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მაშინ ეკისრება, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, ხოლო სასამართლო ადმინისტრაციული სასჯელის განსაზღვრის მიზნით, ამბობს, რომ ზარალი 987 ლარია.
„თქვენ აღნიშნეთ, რომ სასამართლო ზიანის თანხას აკლებს, მაგრამ ის ამას ვერ გააკეთებს, რადგან სასამართლოზე რა თანხაც არის წარდგენილი, რეალურად, პირს პასუხისმგებლობა იმ ფარგლებში ეკისრება. ცხადია, იყო მომენტები, როცა სასამართლო პირს ჯარიმას არ აკისრებდა და მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლებოდა“, – განაცხადა ნელი კორკოტაძემ.