ნედ პრაისი - უცხოური აგენტის შესახებ კანონპროექტს ვინც ხმას მისცემს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოტენციურად საფრთხის წინაშე დაყენებაზე
ღრმად შეწუხებული ვრჩებით შეთავაზებული „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონის გამო. ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოტენციურად საფრთხის წინაშე დაყენებაზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
შეკითხვა ეხებოდა საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს.
„ამ კანონის შესახებ გასული დღეების განმავლობაში არაერთხელ ვისაუბრეთ და გამოვხატეთ ჩვენი თანმიმდევრული შეშფოთება. კანონი ჯერ გადის პროცედურებს საქართველოს სისტემაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ღრმად შეწუხებული ვრჩებით შეთავაზებული „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონის გამო. კერძოდ, იმის გამო, რომ ის მოახდენს იმ დამოუკიდებელი ხმებისა და საქართველოს მოქალაქეების სტიგმატიზაციასა და დადუმებას, რომლებიც ცდილობენ, ააშენონ უკეთესი ქვეყანა მათი თანამოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონის პოტენციური შედეგებით სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში.
ჩვენი მოსაზრება არის მარტივი. ჩვენ ეს საჯაროდაც დავაფიქსირეთ და პირადადაც. ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოტენციურად საფრთხის წინაშე დაყენებაზე. მსგავსი კანონი არ არის იმ მისწრაფების შესაბამისი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ. არ შეესაბამება იმ მომავალს, რომელიც მათ დაისახეს და რომელშიც ჩვენ, აშშ-ს, გვაქვს დასახული მიზნად, ვიყოთ საქართველოს პარტნიორები და დავეხმაროთ მათ ამ მომავლის მიღწევაში. მხოლოდ აშშ არ გამოხატავს შეშფოთებას, არამედ საქართველოს რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა, ევროკავშირი, გაერო. ასევე, საქართველოს სამოქალაქო სექტორმა გამოაქვეყნა ძლიერი განცხადება, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.
ამ კანონთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი პროპაგანდა. თქვენ ახსენეთ ერთ-ერთი ასეთი მაგალითი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ვგულისხმობ იდეას, რომ ეს კანონი დაფუძნებულია აშშ-ში მოქმედ „უცხოელი აგენტის რეგისტრაციის აქტზე“, FARA -ზე. ჩვენი კანონი ავალდებულებს რეგისტრაციას ადამიანებს, რომლებიც არიან უცხო ქვეყნის აგენტები. ჩვენი კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე ან მათი დაფინანსების წყაროებზე. მე შემიძლია, მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია აშშ-ში მოქმედ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ გეტყვით, რომ აშშ-ში მოქმედი კანონი არის ძალიან ვიწრო და მოქმედებს მხოლოდ უცხო ქვეყნების აგენტებზე. ეს რადიკალურად განსხვავებულია და სწორედ ამიტომ ვართ ფრიად შეშფოთებული“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, „არის თუ არა მზად აშშ, დაიწყოს ივანიშვილისა და მისი მთავრობის დევნა, თუ ისინი გამოაცლიან ჟანგბადს საქართველოს დემოკრატიას“, ნედ პრაისი პასუხობს:
„აშშ-ს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია. ჩვენ გვსურს, არავის შეეპაროს ეჭვი იმ შეშფოთებაში, რომელიც გამოვხატეთ, რომელიც ევროკავშირმა, გაერო-მ და რამდენიმე ქვეყანამ გამოხატა. სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანია შეშფოთება, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს და რომელიც მოდის სამოქალაქო საზოგადოებისგან თავისსავე ქვეყანაში. ეს შეშფოთება მოდის საქართველოს მოქალაქეებისგან. სწორდ ამაზე ვართ ფოკუსირებულნი. ცხადია, ამ კანონის მიღება და ამოქმედება იქნება დიდად შემაშფოთებელი ჩვენთვის. ჩვენ არ ვაპირებთ გადავიდეთ ამ ხიდზე. ამ ეტაპზე ეს კანონი არის ჯერ პროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს კანონმდებლების მიერ. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის დაფიქსირებაა“, – განაცხადა პრაისმა.