მამუკა ხაზარაძე - ბრძოლა, წინააღმდეგობა გაგრძელდება ყველა ფრონტზე, ვიდრე კანონის გაწვევასთან დაკავშირებით იურიდიულად გაფორმებულ დოკუმენტს არ დავინახავთ
„ოცნებამ“ განაცხადა, რომ გაიწვევენ კანონს. რა თქმა უნდა, გამარჯვებაა, მაგრამ ჩვენ „ოცნების“ არ გვჯერა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით იურიდიულ დოკუმენტს არ იხილავენ.
„მგონი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და უახლოესი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ბევრჯერ დავინახეთ, როგორ მოატყუა „ოცნებამ“ საზოგადოება. აქედან გამომდინარე, ბრძოლა, წინააღმდეგობა გაგრძელდება ყველა ფრონტზე, ვიდრე ჩვენ არ დავინახავთ იურიდიულად გაფორმებულ დოკუმენტს გაწვევასთან დაკავშირებით.
„ლელო“ აგრძელებს რეგიონებში სიარულს და ხალხთან დისკუსიას, ხალხისთვის ახსნა-განმარტებას, რომ კანონთან კი აღარ გვაქვს საქმე, საქმე გვაქვს რუსულ ხელისუფლებასთან. ეს ნათლად ითქვა, ნიღაბი ჩამოიხსნეს. ჩვენ გავაგრძელებთ სოფელ-სოფელ სიარულს, რათა ადამიანებს ავუხსნათ, რა საშიშროებასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძემ ადამიანებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველზე აქციაზე იდგნენ, მადლობა გადაუხადა. ხაზარაძემ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის დროს დაკავებული ადამიანები გაათავისუფლონ.
„მთელი ჩემი მეგობრების, შეიძლება ითქვას, ქართული საზოგადოების სახლით, მადლობა იმ ახალგაზრდებს, მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად, ნათლად აფიქსირებდნენ პოზიციას, რასაც ჰქვია თავისუფლება ჩვენი ქვეყნისთვის. პოზიციას, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჰქვია რუსული და რუსული კანონმდებლობა ჩვენს ცხოვრებაში. განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდების მშობლებს ასეთი ღირსეული შვილების გაზრდისათვის. ჩვენო შვილებო, მეგობრებო, თქვენ ხართ თავისუფალ საქართველოში დაბადებული თავისუფალი ახალგაზრდები, რომელთაც საუკეთესო მაგალითი აჩვენეთ, როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის უკომპრომისოდ. მოვუწოდებ შსს-ს, ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლეთ ახალგაზრდები, რომლებიც დაჭერილი გყავთ, თუ გინდათ, რომ კონფლიქტი არ გაგრძელდეს, ყველაფერი კონსტრუქციულ რეჟიმში, ჩარჩოებში გადავიდეს. ასევე, გაათავისუფლეთ ზურა ჯაფარიძე, რომელიც კანონდარღვევით დააკავეს“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.