ნედ პრაისი მიმდინარე თვეში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობას დატოვებს
ნედ პრაისი მიმდინარე თვეში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობას დატოვებს

ნედ პრაისი მიმდინარე თვეში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამნეტი ავრცელებს.

ნედ პრაისი სახელმწიფო უწყების პრესსპიკერად 2021 წლის 20 იანვრიდან მუშაობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩატარებული აქვს 200-ზე მეტი პრესბრიფინგი, სადაც ჟურნალისტებს ეძლევათ შესაძლებლობა, რეგულარულად დასვან შეკითხვები აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

„ნედი ეხმარებოდა აშშ-ის მთავრობას პრესის თავისუფლების დაცვასა და მხარდაჭერაში მთელ მსოფლიოში და შექმნა გამჭვირვალობისა და ღიაობის მოდელი, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვა ქვეყნებში. მისი წვლილი სარგებელს მოუტანს დეპარტამენტს მისი სამსახურის შემდეგაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

ენტონი ბლინკენის თქმით, ის და სახელწმიფო დეპარტამენტის თანამშრომლები მუდმივად იღებდნენ სარგებელს ნედ პრაისის რჩევებით. ბლინკენის ცნობით, ნედ პრაისი სახელმწიფო დეპარტამენტში სამსახურს გააგრძელებს და უშუალოდ სახელმწიფო მდივნისთვის იმუშავებს.

„ამერიკაში და მთელ მსოლფიოში ადამიანებისთვის ნედ პრაისი ხშირად წარმოადგენდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ხმასა და სახეს. ის მოქმედებდა განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით“, – აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.