NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას - საქართველოში საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა გაზრდილია
NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას - საქართველოში საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა გაზრდილია

NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის შეფასებით, საქართველოში, ბოლო წლებში, საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა გაზრდილია, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციის წევრებმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრისას განაცხადეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოს წინასაარჩევნო პროცესების შესაფასებლად სტუმრობს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ქვეყანაში არსებული გარემო და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიმოიხილეს.

შეხვედრისას, ითქვა, რომ საქართველომ, როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და მაღალი დემოკრატიული სტანდარტები აჩვენა, რაც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში ხარისხობრივად მაღალ დონეზე აიყვანა წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესების სტანდარტები და თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები ჩაატარა. მანვე ყურადღება გაამახვილა არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მონიტორინგის როლზე.

მამუკა ბახტაძემ მზადყოფნა გამოთქვა, ქვეყანაში ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება იყოს უზრუნველყოფილი. შეხვედრაზე ითქვა, რომ წარსულის მანკიერი პრაქტიკის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების გამორიცხვის მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება.

NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია დღეიდან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისის, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკური აქტივობებისა და ზოგადად, საარჩევნო გარემოს შეფასებას იწყებს, რის შემდეგაც, 27 ივლისს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი ესწრებოდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.