NBC - ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საბჭოთა ეპოქის რაკეტებს იყენებს
ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად საბჭოთა ეპოქის მწყობრიდან გამოსულ არსენალს იყენებს, რომელიც მათ ხელში არაკანონიერი გზებით მოხვდა, – ამის შესახებ ამერიკის სტრატეგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტის მთავარმა მკვლევარმა მაიკლ ელიმანმა ამერიკულ საზოგადოებრივ ტელეკომპანია NBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
ელიმანი მიიჩნევს, რომ ორი წლის წინ ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ საბჭოთა ეპოქის RD-250-ის ტიპის რაკეტები შეისყიდა. ეს რაკეტები საბჭოთა კავშირში 60-იან წლებში იწარმოებოდა.
ქარხანა, რომელიც წარსულში საბჭოთა კავშირისთვის რაკეტებს აწარმოებდა, აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს. ტერიტორიას მიმდინარე კონფლიქტის ფონზე დე ფაქტო მთავრობა აკონტროლებს. ოფიციალურად, რუსეთის კანონმდებლობით, ძველი საბჭოთა არსენალით ვაჭრობა აკრძალულია, თუმცა არაკონონიერი გზით რაკეტები ჩრდილოეთ კორეაში მოხვდა. თითო რაკეტა დაახლოებით 400 კგ-ს იწონის.
„კიმ ჩენ ინის ბრძანებით შექმნილი ბალისტიკური რაკეტები სწორედ საბჭოთა „წარმოშობისაა“. ამაზე არაერთი ფაქტი მიუთითებს. რაკეტებს ფხენიანს იმ ქარხნებიდან აწვდიან, საბჭოთა კავშირის პერიოდში რომ ფუნქციონირებდა და დღეს, მრავალი წელია შეჩერებულია. რეალურად, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა „საბჭოთა რაკეტების სასაფლაოს“ მთავარ წყაროდ იყენებს“, – განაცხადა მაიკლ ელიმანმა.
2017 წელს მაიკლ ელიმანი ჩრდილოეთ კორეის არსენალისა და ბალისტიკური რაკეტების შესწავლაზე მუშაობდა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტა სინამდვილეში მოდერნიზებული საბჭოთა რაკეტაა, რითაც ფხენიანი მსოფლიოს ემუქრება.
ელიმანის თქმით, რაკეტის რამდენიმე წარუმატებელი გამოცდა ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მიერ, სწორედ ამ რაკეტების ძველისძველ აგებულებას უკავშირდება.
„მჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეაში არსებობს ერთი-ორი ჭკვიანი სპეციალისტი, ვინც RD-250-ის ტიპის საბჭოთა რაკეტების მოდერნიზირებას ახერხებს“, – განაცხადა ელიმანმა.