ნავთობის ფასმა დღეს ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია. ანალიტიკოსები ფასის ზრდის მთავარ მიზეზად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანზე ეკონომიკური სანქციების განახლებას ასახელებენ.
სიტუაციას მათი აზრით ისიც ართულებს, რომ ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების კარტელს „ოპეკსა“ და სხვა მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი, არ სურთ წარმოების მოცულობის გაზრდა. წარმოების ზრდას ბაზარზე ირანული ნავთობის დანაკლისი შეუძლია შეავსოს, რაც დარგის ექსპერტების პროგნოზით, დეკემბრამდე არ მოხდება.
ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა დღეს დილით ერთ ბარელზე 81 დოლარი და 69 ცენტი შეადგინა, რაც 2014 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამერიკული დასავლეთ ტეხასური ნედლი ნავთობის ფასი კი ბარელზე 72 დოლარი და 28 ცენტია, რაც 0.3 პროცენტიან ზრდას ნიშნავს.
ნავთობის ბაზრის ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ მალე ბარელზე ფასი 90 დოლარსაც მიაღწევს, რადგან 4 ნოემბრიდან აშშ ირანის ნავთობის ექსპორტზე ეკონომიკურ სანქციებს აამოქმედებს და ბაზრიდან ირანის ექსპორტის დიდი მოცულობა გაქრება. დანაკლისის შევსების წყარო კი ჯერ არ ჩანს.
მართალია აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ოპეკსა“ და რუსეთს წარმოების გაზრდას სთხოვს, არც „ოპეკი“ და არც რუსეთი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ ჩქარობენ. თანაც, ირანი მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი ნავთობ-მომპოვებელი ქვეყანაა და ანალიტიკოსების უმეტესობას მიაჩნია, რომ ნავთობის საერთაშორისო ბაზარს დღეში დაახლოებით 1 მილიონი ან 1.5 მილიონი ბარელი ნავთობი დააკლდება.
პარალელურად ვაშინგტონი სხვა ქვეყნების მთავრობებისა და კომპანიებისგანაც დაჟინებით მოითხოვს, სანქციებს შეუერთდნენ და თეირანიდან ნავთობი აღარ შეისყიდონ. თუმცა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები თეთრი სახლის პოზიციას არ იზიარებენ.
დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და ირანმა გუშინ, 24 სექტემბერს განაცხადეს, რომ ისინი ფინანსური გადახდის ისეთი მექანიზმის დამუშავებას აპირებენ, რომლის საშუალებითაც აშშ-ის სანქციების გვერდის ავლა და ირანთან ვაჭრობა შესაძლებელი იქნება.
წარმოების ზრდის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას „ოპეკი“სავარაუდოდ, დეკემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებს და ანალიტიკოსები მანამდე ფასის დასტაბილურებას არ ელოდებიან.
ერთ-ერთმა წამყვანმა ამერიკულმა ბანკმა, Merrill Lynch-მა ბრენტის ტიპის ნავთობის ფასის პროგნოზი 2019 წლისთვის ბარელზე 75 ბარელიდან 80 ბარელამდე აწია, ამერიკულ ნედლ ნავთობზე კი 69-დან 71 დოლარამდე გაზარდა. ბანკი ვარაუდობს, რომ ახლო მომავალში ბაზარზე ირანის ფაქტორი დომინანტური იქნება და ფასის ზრდას გამოიწვევს. თუმცა, ამერიკული ფინანსური ინსტიტუტი არ გამორიცხავს, რომ ფასის ზრდას განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში მოთხოვნის შემცირება მოჰყვეს, რაც სიტუაციას მეტნაკლებად დააბალანსებსს.
ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ 2019 წელს ირანის ექსპორტის გამქრალ მოცულობას „ოპეკის“ არაწევრი მწარმოებლები შეავსებენ, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები.