ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენელი - ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ჩვენთან ერთად, მინისტერიალებზე შეგვიძლია, მოვისმინოთ მათი საჭიროებები
ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენელი - ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ჩვენთან ერთად, მინისტერიალებზე შეგვიძლია, მოვისმინოთ მათი საჭიროებები

ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ჩვენთან ერთად, ამ მინისტერიალებიდან შეგვიძლია მათთან ინფორმაციის გაზიარება. ისინი გვაწვდიან პირველად ანგარიშებს და მათ პერსპექტივებს, – ამის შესახებ აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატო-ში ჯულიან სმიტმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს პარტნიორებმა ალიანსის გვერდით დგომა იგრძნონ.

„უკრაინის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ უშუალოდ მათგან კონკრეტული საჭიროებები, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის საჭიროებების, საბრძოლო მასალის ან სხვა საჭიროებების კუთხით. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ეს პირველადი განახლებები მათგან, როდესაც ისინი ჩვენთან ერთად ოთახში არიან. მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქ იყვნენ, იგრძნონ მხარდაჭერა მრგვალი მაგიდის ირგვლივ, იგრძნონ ერთიანობა 30 მოკავშირეს შორის, იგრძნონ გადაწყვეტილების მიღება, რაც იმ მომენტში გვაქვს, ვიყოთ არამხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენი პარტნიორების გვერდით. ჩვენ გარკვეულ დროს დავუთმობთ ნატო-ს სხვა პარტნიორებზე საუბარს. არიან ქვეყნები, როგორიც მაგალითად საქართველოა, არიან ასევე სხვა ქვეყნებიც, მაგალითად ბოსნია, მოლდოვა. ქვეყნები, რომლებიც უკვე არიან ნატო-ს პარტნიორები. მათ აქვთ საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები, მაგრამ შესაძლოა დასჭირდეთ დამატებითი მხარდაჭერა. შესაძლოა, მათ სურთ ნატო-ს მოკავშირეებთან საუბარი სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი გამოცდილება, აქ ბრიუსელში და შეგვიძლია შევთავაზოთ ეს გამოცდილება ჩვენს უახლოეს პარტნიორებს“, – განაცხადა სმიტმა.

საქართევლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ნატო-ს შეხვედრა პარტნიორი ქვეყნების ჯგუფთან საქართველოს, უკრაინის, შვედეთის, ფინეთის, იაპონიის, ავსტრალიის, კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მონაწილეობით.