ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე - ევროპის სამხედრო შესაძლებლობები დღეს არც ისეთი კარგია, როგორიც უნდა იყოს
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე - ევროპის სამხედრო შესაძლებლობები დღეს არც ისეთი კარგია, როგორიც უნდა იყოს

ევროპის სამხედრო შესაძლებლობები დღეს არც ისეთი კარგია, როგორიც უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ზრდის სამხედრო ბიუჯეტს, ჩვენ ვიცით, რომ ხდება ზოგიერთი საკითხის დუბლირება, ევროპა განიცდის თანამედროვე შეიარაღებული ძალების დანაკლისს, არ ჰყავს საკმარისი რაოდენობით მრავალეროვნული დანაყოფები, – ამის შესახებ „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, ჯეიმი შეამ განაცხადა.

როგორც ჯეიმი შეამ განაცხადა, როდესაც ყველა ქვეყანა მხოლოდ საკუთარ თავდაცვის ინდუსტრიაზე ზრუნავს და საკუთარ აღჭურვილობას აწარმოებს, ეფექტურობის ხარისხი დაბალია.

„ამ გზით გვირაბის ბოლოს სინათლეს ისე მალე ვერ დაინახავ, როგორც გსურს და ის ინვესტიციები და ფული სასურველ შედეგს მალე ვერ გამოიღებს. ევროპას სჭირდება გარკვეული რაციოანლიზაცია და რეორგანიზაცია, რათა მეტი სარგებელი მიიღოს დახარჯული ფულისგან“, – განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ.

ამასთან ერთად, შეა ამბობს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საფრთხეების დაზღვევის საუკეთესო საშუალებად რჩება, განსაკუთრებით რუსეთსა და ჩინეთთან კონფრონტაციის ეპოქაში.

მისივე თქმით, აშშ-სა და ევროპას დღეს ერთმანეთი თანაბრად სჭირდებათ.

„ნატო ამ ეტაპზე არის საფრთხეებისგან დაზღვევის საუკეთესო საშუალება და ეს ნიშნავს ამერიკელების ერთგულებასაც და ამის ახსნას ტრამპისა და მისი მხარდამჭერებისთვის, რომ ნატო ღირებულია აშშ-ისთვისაც. ევროპელები თავდაცვაზე წელიწადში 380 მილიარდ ევროს ხარჯავენ. ისინი ეხმარებიან აშშ-ს უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთში, ერაყში და ყველა იმ ოპერაციაში, რომელსაც აშშ მსოფლიოში ატარებს. ამასთან ერთად, აშშ ახლა იმყოფება რუსეთსა და ჩინეთთან კონფრონტაციის ეპოქაში, მასაც სჭირდება მეგობრები და მოკავშირეები. საუკეთესო მეგობრები და მოკავშირეები კი ევროპაში არიან“, – აღნიშნა ჯეიმი შეამ.

შეამ ასევე გააკეთა კომენტარი დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში აშშ-ის ნატო-დან გაყვნას შეეცდება.

„ნატო-ს წევრობა ქველმოქმედება არ გახლავთ. ეს აშშ-ის ფუნდამენტურ ინტერესებშია, რომ ევროპაში მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს. ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რომ აშშ-მა შეინარჩუნოს გლობალური ძალაუფლების მქონე სახელმწიფოს სტატუსი და ძლიერი ეკონომიკაც, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ის გლობალურ კონკურენციაშია ჩინეთსა და რუსეთთან. ამიტომ იმედი მაქვს, საღი აზრი გაიმარჯვებს. ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ საარჩევნო კამპანიას, სადაც კანდიდატები მხოლოდ საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავენ და არა ზოგადად საზოგადოებას. ამასთან ერთად, კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც უკრძალავს აშშ-ის პრეზიდენტს ნატო-დან ქვეყნის გაყვანას სენატის თანხმობის გარეშე, მათ შორის, ტრამპის რესპუბლიკური პარტიის თანხმობის გარეშე. ამიტომ თუ ტრამპი ამას შეეცდება, თუმცა, ვფიქრობ, ის ამას არ გააკეთებს, მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდება არა მხოლოდ ევროპისგან, არამედ აშშ-ის პოლიტიკური წრეებიდან, მათ შორის, რესპუბლიკელებისგან“, – განაცხადა შეამ.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ყოფილ თანაშემწესთან, ჯეიმი შეასთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ დღეს, 14:00 საათზე „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.