ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე შავი ზღვის გავლით სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სერვისების განვითარებასა და თავისუფალი ვაჭრობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე შავი ზღვის გავლით სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სერვისების განვითარებასა და თავისუფალი ვაჭრობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველო-ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკური მიმართულებით ორ ძირითად საკითხზე იმსჯელებენ.

მინისტრის განმარტებით, ქართული მხარე დასვამს შავი ზღვის გავლით სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სერვისების განვითარების, ასევე თავისუფალი ვაჭრობის გაძლიერების საკითხებს.

„ძალიან მაღალ დონეზე ვმონაწილეობთ ასოცირების საბჭოს სხდომაში. ასოცირების საბჭო არის ის პლატფორმა, სადაც განიხილება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ჩვენი პროგრესი. მართლაც ბევრი რამ გვაქვს სათქმელი და თავი მოსაწონი იმით, რომ საკმაოდ სწრაფად მიდის ევროპული რეფორმები, ზედმიწევნით ვასრულებთ ჩვენზე აღებულ ვალდებულებას, განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, რაც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობაც არის. ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რისი დასმაც ჩვენ გვინდა, არის შავი ზღვის გავლით ფიზიკური კავშირებისა და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სერვისების განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ უკეთ გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გვქონდეს ფიზიკური წვდომა უფრო რეგულარულ ევროპულ პორტებზე. დღეს გვაქვს გარკვეული საბორნე მიმოსვლა, მაგრამ არ არის იმდენად რეგულარული და არ ასახავს იმ პოტენციალს, რაც ჩვენ გვაქვს. მეორე მიმართულება არის თავისუფალი ვაჭრობის გაძლიერება ევროპასთან. დღესდღეობით ევროპა უკვე არის ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი. პანდემიურ 2020 წელსაც კი 23-24 პროცენტის ფარგლებში იყო ექსპორტიც და იმპორტიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მაგრამ არის მთელი რიგი სასაქონლო ჯგუფები, რომელიც გვინდა, რომ უფრო გამარტივებული წესით შედიოდეს ამ ბაზარზე. გვინდა, რომ ერთად გავაკეთოთ იდენტიფიცირება ასეთი სასაქონლო ჯგუფების და ასევე, გვინდა ვთხოვოთ, რა თქმა უნდა, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს, დაგვეხმარონ, ისევე როგორც ყოველთვის გვეხმარებიან, თუნდაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციების, ხარისხის სტანდარტების ლაბორატორიული ტესტების დანერგვაში, რადგან ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს განვითარებული და ეს დამატებით ხარჯებს იწვევს, როდესაც საზღვარგარეთ უწევთ ტესტების გაგზავნა და ამ მიმართულებით ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.