ნათია თურნავა - Clearstream-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონის ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბებას
ნათია თურნავა - Clearstream-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონის ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბებას

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, Clearstream-ის ხელმძღვანელებს, იან ვილემსსა და კრისტიან როსლერს შეხვდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკისა და Clearstream-ის თანამშრომლობას როგორც სავალუტო რეზერვების მართვის სფეროში, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ხელმისაწვდომობის ზრდაში.

მათივე ცნობით, აღინიშნა ის პოზიტიური როლი, რომელსაც Clearstream-ი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებისთვის ქართულ ბაზარზე წვდომის გაადვილებაში ასრულებს. იან ვილემსის თქმით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მხრივ, რაც რეგიონის ფინანსურ სექტორში ქართული ფინანსური ინსტიტუტების მზარდ როლს განაპირობებს.

თავის მხრივ, ნათია თურნავამ აღნიშნა Clearstream-თან სტრატეგიულ პარტნიორობა, რომელიც ევროპის ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა და ასევე აქტიურია გლობალური მასშტაბითაც. მისივე თქმით, Clearstream-თან თანამშრომლობა საქართველოს ფინანსური სექტორის გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია და ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონის ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბებას.

„მხარეებმა ახალი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით უცხოელი ინვესტორებისთვის სახსრების დაბანდების რისკის შემცირებისა და ინვესტირების პროცესის გაადვილების კუთხით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.