ნათია თურნავა - სავალუტო ფონდის მხრიდან დავინახეთ მყარი ნება, რომ შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს
ნათია თურნავა - სავალუტო ფონდის მხრიდან დავინახეთ მყარი ნება, რომ შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად და ჩვენი შეხვედრების შედეგიც ის იყო, რომ დავინახეთ მყარი ნება სავალუტო ფონდის მხრიდან, რომ პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავას განმარტებით, გასულ კვირაში მას სავალუტო ფონდის ხელმძღვანელებთან ჰქონდა შეხვედრა, რა დროსაც შეჩერებული პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

„ძალიან დადებითი და პროდუქტიული შეხვედრები მქონდა მარაკეშში, სადაც ტარდებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრა. მქონდა შეხვედრები სავალუტო ფონდის ხელმძღვანელებთან, ჩვენი რეგიონის მმართველებთან და დავინახე მკაფიო სურვილი, ნება, რომ პროგრამა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ჩვეულებრივ რიტმს. მოგეხსენებათ, გაზაფხულის შემდეგ ის არის დაპაუზებული და გარკვეული შენიშვნები გამოთქვა სავალუტო ფონდმა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათთან ერთად და ჩვენი შეხვედრების შედეგიც ის იყო, რომ დავინახეთ მყარი ნება სავალუტო ფონდის მხრიდან, რომ პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს. ჩვენ გვყავს IMF-ის მხრიდან გამოყოფილი ტექნიკური დახმარების ჯგუფი, რომელიც გვეხმარება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაში და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში ეს ცვლილებები იქნება წარდგენილი მთავრობისა და პარლამენტის მიმართ. არ მივცემ თავს უფლებას, რომ სავალუტო ფონდის მაგივრად გესაუბროთ. ყველაფერზე პასუხი იქნება პროგრამის აღდგენა და უნდა დაველოდოთ. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კითხვაზე, რა შემთხვევაში ან როდის აღდგება პროგრამა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ, პირველ რიგში, ეს არის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც უზრუნველყოფს ინსტიტუტის მეტ დამოუკიდებლობას.

„პირველ რიგში, ეს არის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც უზრუნველყოფს ინსტიტუტის მეტ დამოუკიდებლობას, რაზეც მათ თავიდანვე ჰქონდათ ეს რეკომენდაცია. რეკომენდაციას ვიზიარებთ, რადგან ეს არ ხდება IMF-ის მოთხოვნით, ეს არის ჩვენი ამოცანაც, რომ მეტად გამყარდეს ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.