ნათია თურნავა - საერთაშორისო ფინანსური ზონების მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი ჩვენი მოსახლეობის დასაქმებაა, რადგან მსგავსი ზონის მომსახურებას განსაკუთრებით ბევრი კადრი სჭირდება
ნათია თურნავა - საერთაშორისო ფინანსური ზონების მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი ჩვენი მოსახლეობის დასაქმებაა, რადგან მსგავსი ზონის მომსახურებას განსაკუთრებით ბევრი კადრი სჭირდება

საქართველოში ორი სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონა შეიქმნება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ ამ საკითხზე გასული წლის ბოლოს ვმუშაობდით. დღეს კი უკვე მზად ვართ, რომ მუშაობა დავიწყოთ კონკრეტული მიმართულებებით და სულ მალე მთავრობას და პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შევთავაზოთ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ამისთვის მთავრობა მაღალკვალიფიციურ რჩევებს ასევე მაღალი რეპუტაციის მქონე კონსალტინგიდან მიიღებს, რისთვისაც მოწვეულია „როტშილდ ჯგუფი“.

მინისტრის თქმით, საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა უკვე იწყება. რაც შეეხება სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონების ლოკაციებს – ისინი თბილისსა და აჭარაში შეიქმნება, კერძოდ, საუბარია თბილისის ზღვის მიმდებარე და გონიოს ტერიტორიებზე.

როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსგავსი ზონა განვითარებული უნდა იყოს მსხვილ ურბანულ ცენტრთან ახლოს მისი მომსახურების სპექტრიდან გამომდინარე, ასევე უნდა იყოს საერთაშორისო აეროპორტების სიახლოვეს, მაგრამ ამავდროულად უნდა იყოს ცალკე, კომპაქტური ტერიტორია, რის გამოც სწორედ ეს ლოკაციები შეირჩა.

„ზოგადად მსგავსი სპეციალური თავისუფალი ფინანსური ზონები მიღებული პრაქტიკაა – ეს არის ახალი თაობის, თანამედროვე თავისუფალი ზონის ტიპი. აქამდე საქართველოში უფრო ინდუსტრიული ტიპის თავისუფალი ზონები ფუნქციონირებდა, ახლა საუბარი არის ბოლო თაობის, თანამედროვე ფინანსურ სპეციალურ ზონაზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს. ძალიან კარგი მაგალითია თუნდაც, ახლო აღმოსავლეთში დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი, აბუ დაბის საერთაშორისო ფინანსური ზონა, სადაც მთელი კუნძულია სპეციალურად მოწყობილი და გაშენებული, რათა იქ სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური სერვისის მიმწოდებელი და ფინანსური კომპანია დარეგისტრირდეს და საქმიანობა შეძლოს.

საქართველოში ამ ზონაში, კარგი საერთაშორისო მაგალითების მსგავსად, იქნება განსაკუთრებული, მიმზიდველი პირობები შექმნილი სწორედ ფინანსური დარგის და სპექტრის საერთაშორისო კომპანიებისთვის, როგორიცაა აქტივების და კაპიტალის მართვა, სხვადასხვა საფინანსო სერვისი, ან ფინტეკი – უახლესი მიმართულება ფინანსური სერვისების მიწოდებაში, სადაც უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენება და სხვადასხვა ტიპის სტარტაპი ვითარდება სწორედ ამ მიმართულებით. ასევე ე.წ ქომოდითი თრეიდინგი, ანუ სასაქონლო თრეიდინგი და ა.შ“, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

მინისტრის თქმით, აქამდე ეს ბიზნესები საქართველოში ამ ფორმით ნაკლებად იყო წარმოდგენილი და ეს იქნება ძალიან კარგი პლატფორმა სწორედ ძლიერი საერთაშორისო კომპანიებისთვის, ვინც დარეგისტრირდება და საქმიანობას ამ ზონებში გადმოიტანს.

ამასთან, ნათია თურნავა ხაზს უსვამს, რომ ამ ტიპის ზონების შექმნას ექნება ძალიან დადებითი ეფექტი როგორც მთლიანად ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობის სხვადასხვა ფენისთვის. კერძოდ, მინისტრის განმარტებით, ეკონომიკისთვის ეს არის პირდაპირი უცხოური და არამარტო უცხოური, ასევე ადგილობრივი ინვესტიციები, რადგან ასეთ ზონას, როგორც წესი, წინ უსწრებს ძალიან აქტიური დეველოპმენტი.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ ზონებში გარდა იმისა, რომ უნდა ამოქმედდეს სპეციალური რეჟიმი – სამართლებრივი, რეგულატორული, ფისკალური, ასევე უნდა გაშენდეს მაღალი კლასის საოფისე, თუ საცხოვრებელი ფართები, ინფრასტრუქტურა, რაც დამატებითი ინვესტიციებია.

„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი ჩვენი მოსახლეობის დასაქმებაა, რადგან მსგავსი ზონის მომსახურებას სჭირდება განსაკუთრებით ბევრი კადრი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბუღალტერია, აუდიტი, კომპიუტერული ტექნოლოგიები და IT სერვისები, სხვადასხვა ტიპის კომუნალური მომსახურება და ა.შ. ანუ, ეს იქნება ახალი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც საქართველოს დააპოზიციონირებს, როგორც ფინანსურ საერთაშორისო ჰაბს, და ამავდროულად, შექმნის დამატებით მოთხოვნას ასეთ მაღალკვალიფიციურ პროფესიებზე, სხვადასხვა სფეროს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის“, – აცხადებს ნათია თურნავა.

რა უპირატესობები აქვს საქართველოს სხვა ანალოგიურ, საერთაშორისო თავისუფალ ფინანსურ ზონებთან შედარებით?, – ამ კითხვაზე პასუხად ეკონომიკის მინისტრი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. კერძოდ: ქვეყნის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, მათ შორის დროის სარტყელის თვალსაზრისით – ერთდროულად შეიძლება ეს ზონა მოემსახუროს როგორც აზიურ, ისე ევროპულ ფინანსურ ბაზრებს, რაც, მინისტრის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის საქმიანობაში,

როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, ასევე მნიშვნელოვანია არსებული სტაბილური გარემო, როგორც მაკროეკონომიკური, ისე პოლიტიკური სტაბილურობა და ის რეფორმები, რაც საქართველოში გატარდა.

„ჩვენი ქვეყანა პოზიციონირებს როგორც დასავლურ მოდელზე ორიენტირებული ბიზნეს-კანონმდებლობის განმავითარებელი ქვეყანა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არსებული ბიზნესკლიმატი, რომლითაც ჩვენ ბევრ სხვა ქვეყანას შორის გამოვირჩევით. ამას დაემატება ისიც, რომ საკმაოდ ეფექტურია ჩვენთან ოფისების გადმოტანა და ბიზნესის კეთება იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ ევროპულ, თუ აზიურ ქვეყანასთან შედარებით უფრო დაბალია კომუნალური მომსახურების ღირებულება, ცხოვრების და ბიზნესის კეთების ხარჯი. ეს ყველაფერი ძალიან მიმზიდველი იქნება. ამასთან, ჩვენ შეგვიძლია ამ ზონებში დასაქმებულებს ძალიან მიმზიდველი და საინტერესო ტურისტული გარემო შევთავაზოთ, რაც ასევე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრი.