ნათია თურნავა - მსხვილ ბიზნესს კრიზისის გადალახვის მეტი შესაძლებლობა აქვს, ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავი მცირე და საშუალო ბიზნესია, მათ მეტი შეღავათი სჭირდებათ
ნათია თურნავა - მსხვილ ბიზნესს კრიზისის გადალახვის მეტი შესაძლებლობა აქვს, ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავი მცირე და საშუალო ბიზნესია, მათ მეტი შეღავათი სჭირდებათ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების მთავარი ადრესატი საშუალო და მცირე ბიზნესია.

მისივე თქმით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი მეწარმე სუბიქეტების 90 პროცენტზე მეტს შეადგენს.

თურნავა განმარტავს, რომ მთავარი კრიტერიუმია, წლიური ბრუნვა 20 მილიონ ლარს არ აღემატებოდეს.

„ზოგადად „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების მთავარი ადრესატი არის მცირე და საშუალო ბიზნესი. ეს არ არის ცოტა, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში შეადგენს მეწარმე სუბიქეტების 90 პროცენტზე მეტს, ანუ ყველაზე მეტ ბიზნეს მოვიცავთ ჩვენ ამ პროგრამით. აქ არის დაწესებული ასეთი კრიტერიუმი, რომ წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 20 მილიონ ლარს“, – განაცხადა თურნავამ.

თუმცა, მინისტრის განმარტებით, ანტიკრიზისულ გეგმაში არის მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც სრულიად ბიზნესს მოიცავს.

ამასთან, ნათია თურნავა აცხადებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მეტი შეღავათი და გვერდში დგომა სჭირდებათ, რადგან მსხვილი ბიზნესი უფრო მარტივად შოულობს თანადაფინანსებას, თუნდაც საერთაშრისო ორგანიზაციებიდან და ბანკებიდან.

„ანტიკრიზისულ გეგმაზე თუ ვისაუბრებთ, იქ არის მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც მიმართულია ნებისმიერი ბიზნესის მიმართ მიუხედავად მათი ზომისა. მაგალითად, ეს არის საშემოსავლო გადასახადში შეღავათი, რომელიც ეხება ნებისმიერ ბიზნესს და კერძოდ ამ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს, ვისი ხელფასიც 1500 ლარს არ აღემატება, ეს ეხება როგორც მსხვილ, ასევე წვრილ ბიზნესებს.

ასევე, როცა საუბარი იყო იმაზე, რომ მთავრობამ მყისიერად მოახდინა ოთხი თვით ქონების გადასახადის და საშემოსავლო გადასახადის გადავადება ტურისტული ინდუსტრიისთვის, აქაც ზომის მიხედვით არ გაგვირჩევია ბიზნესები ერთმანეთისგან და ყველას ემსახურება ეს შეღავათი.

ასევე, როცა საუბარია დამატებითი ღირებულების გადასახადი ზედმეტი 600 მილიონი დაბრუნდება ეკონომიკაში, ესეც ყველანაირ ბიზნესს შეეხება, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი მაინც არის მცირე და საშუალო ბიზნესი, ეს არის ყველაზე უფრო გვერდში დგომას ვინც საჭიროებს, მოწყვლადი კატეგორია, რადგან მსხვილი ბიზნესი უფრო მარტივად შოულობს თანადაფინანსებას, თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ბანკებიდან იმიტომ, რომ მეტი აქტივი აქვთ დაგროვილი, მეტი კავშირი აქვთ, მეტი შესაძლებლობა აქვთ, რომ გადალახონ ეს კრიზისი. მცირე და საშუალო ბიზნესს მეტი შეღავათები სჭირდებათ“, – განაცხადა ნათია თურნავან.