ნათია თურნავა - 2023 წლის მაისიდან ეტაპობრივად ვამცირებთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, დაბალინფლაციურმა გარემომ შესაძლებლობა მოგვცა, ცოტა უფრო გაბედულად გვემოქმედა
ნათია თურნავა - 2023 წლის მაისიდან ეტაპობრივად ვამცირებთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, დაბალინფლაციურმა გარემომ შესაძლებლობა მოგვცა, ცოტა უფრო გაბედულად გვემოქმედა

საქართველოს ეროვნული ბანკი თანმიმდევრულია მონეტარული პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0,75%-ით შემცირების შეფასებისას განაცხადა.

„2023 წლის მაისიდან ეტაპობრივად ვამცირებთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს. თავიდან მცირე და ნელი ტემპებით დავიწყეთ და ვამცირებდით 0,25%-ით. თუმცა დავინახეთ, რომ დიდი ხნით ნარჩუნდება დაბალი ინფლაციური გარემო – ინფლაცია თვიდან თვემდე 1%-ზე დაბალია. ინფლაციური მოლოდინები ნორმალიზდა, გარკვეული რისკები კი, რომელიც მხედველობაში გვქონდა, არ განხორციელდა. შესაბამისად, ამ გარემოებიდან გამომდინარე, ტემპი ავაჩქარეთ, წინა კომიტეტზე 0,5 %-ით შევამცირეთ განაკვეთი, ბოლო კომიტეტზე კი – 0,75%-ით“, – აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე მოხდა გეოპოლიტიკური რისკების შეფასება, რაც წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო საერთაშორისო ტრანსპორტირების გაძვირებას უკავშირდება.

„ერთ-ერთი მიზეზი არის გარკვეული გეოპოლიტიკური რისკები, რასაც ყოველთვის ვიღებთ მხედველობაში, კერძოდ, წითელ ზღვაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ტრანსპორტირების ხარჯების შემდგომი ზრდა აღარ გაგრძელდა. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნა, რომ შიდა ინფლაციის მაჩვენებელი თებერვალში კიდევ უფრო დაბალი იყო, ვიდრე იანვარში და 2,7%-დან შემცირდა 2,4%-მდე. სხვა გარკვეული ინდიკატორები, მათ შორის, რეალური გაცვლითი კურსი, ლარის სტაბილური სიმყარე ინფლაციურ გარემოში თავის კონტრიბუციას ახდენს.

დაბალინფლაციურმა გარემომ ცოტა უფრო გაბედულად მოქმედების შესაძლებლობა მოგვცა. თუმცა კვლავაც საკმაოდ ფრთხილ ნაბიჯებს ვდგამთ. გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არცთუ ისე დაბალია – 8,25% და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ზომიერად მკაცრ მიმართულებას ვინარჩუნებთ“, – აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, სებ-ი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება. ნათია თურნავას განცხადებით, ინფლაციის მოლოდინებსა და საგარეო რისკებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები თუ კვლავ გამოიკვეთა, სხვა თანაბარ პირობებში, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.