ნასას ლეგენდარული მათემატიკოსი კეტრინ ჯონსონი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა
ნასას სახელგანთქმული მათემატიკოსი კეტრინ ჯონსონი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხოვრების შესახებ გადაღებულია ამერიკული ბიოგრაფიული დრამა „ჩრდილში მყოფნი“.
სწორედ ჯონსონის მათემატიკური გამოთვლების წყალობით მოხვდა პირველი ადამიანი მთვარეზე 1969 წელს, მაგრამ იგი ნაკლებად ცნობილი ადამიანი იყო 2016 წლამდე, სანამ გადაიღებდნენ მხატვრულ ფილმს, რომელშიც ასახულია ნასაში მომუშავე სამი შავკანიანი ქალის ისტორია.
„ის ამერიკელი გმირი იყო და მისი პიონერული მემკვიდრეობა დავიწყებას არასოდეს მიეცემა. მისი გამბედაობისა და შესრულებული სამუშაოს გარეშე, ჩვენ ალბათ ბევრს ვერაფერს მივაღწევდით “, — ამბობს ნასას ხელმძღვანელი ჯიმ ბრაიდენსტაინი.
1961 წელს, ჯონსონმა და მისმა კოლეგამ პირველებმა გამოთვალეს ასტრონავტ ალან შეპარდის სუბორბიტული ფრენის პარამეტრები; შეპარდი პირველი ამერიკელი გახდა, რომელმაც კოსმოსში იფრინა.
საკუთარი მათემატიკური ტალანტით მოგვიანებით მან განსაზღვრა აპოლო 11-ის ფრენის ტრაექტორია; ამ მისიის ფარგლებში 1969 წელს ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი მთვარეზე ჩაფრინდნენ.
2015 წელს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჯონსონი ქვეყნის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოთი — თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.
ორი წლის შემდეგ, 2017 წელს, 98 წლის ჯონსონი ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელზეც ნომინირებული იყო მისი ცხოვრების შესახებ გადაღებული ფილმი „ჩრდილში მყოფნი“.
„კეტრინ ჯონსონი ჩვენს ქვეყანას კოსმოსის საზღვრების გაფართოებაში დაეხმარა, რადგან გადადგა უდიდესი ნაბიჯები, რითაც ასევე გაუღო კარი ქალებს და ფერადკანიან ადამიანებს“, — ამბობს ნასას ხელმძღვანელი განცხადებაში.
კარიერის დასაწყისში, ჯონსონი მათემატიკური გამოთვლებისთვის მხოლოდ კალამს, ფურცელსა და სახაზავს იყენებდა, რომლებზეც დამოკიდებული იყო მისიებში მყოფ ადამიანთა სიცოცხლე.
კოლეგებთან ერთად, ჯონსონმა განსაზღვრა ასტრონავტ ჯონ გლენის ფრენის ტრაექტორია; გლენი პირველი ამერიკელი იყო, რომელმაც 1962 წელს დედამიწის ორბიტაზე იფრინა.
მისიის დაწყებამდე, გლენმა ჯონსონს პირადად სთხოვა, კომპიუტერით გამოთვლილი მაჩვენებლები მექანიკურ საანგარიშო მანქანაზე გადაემოწმებინა; ამ დავალების შესასრულებლად ჯონსონს დღე-ნახევარი დასჭირდა.
ნასას განცხადებით, ჯონსონი ხშირად ეუბნებოდა სტუდენტებს, რომ „ზოგიერთი რამ საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩება და გაივლის, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ყოველთვის იქნება მეცნიერება, ინჟინერია, ტექნოლოგიები და სულ მუდამ, ყოველთვის იქნება მათემატიკა“.
ჯონსონი ალბათ პირველი შავკანიანი ქალი იყო, რომელიც იყენებდა ცალკე ოფისს, სასადილოსა და სააბაზანოს. ნასასათვის მისი კანის ფერს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
„ნასა ძალიან პროფესიონალური ორგანიზაცია იყო. მათ ჩემი კანის ფერზე ფიქრის დრო არ ჰქონდათ“, — ამბობდა კეტრინ ჯონსონი, რომელმაც ნასაში მუშაობა 1986 წელს დაასრულა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.